ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია სიძულვილის კამპანიის აკრძალვა სამართლებრივი მეთოდებით.
მისივე თქმით, ამ კუთხით მიმდინარე წლის თებერვალში კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც გამკაცრდა პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება თუ დაპატიმრება.
„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ზიზღის ენა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო სივრცეა თუ სოციალური ქსელები, ყველაზე წამყვანი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შემიძლია, ჩამოვთვალო, სადაც ყველგან განსაზღვრულია რაღაც ტიპის ჯარიმები - ზოგ ქვეყანაში ადმინისტრაციული ტიპის ჯარიმა-პატიმრობა, ძალიან ბევრ ქვეყანაში პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, როდესაც მიეჩვია გარედან დაფინანსებული „ენჯეოს“ თანამშრომელი, რომ მას შეუძლია გინების, შეურაცხყოფის კამპანია აწარმოოს, უკვე გადასწვდნენ ჩვენი ოჯახის წევრებს და პირდაპირ ბულინგი მიმდინარეობს. ქალბატონი ლაშხის შემთხვევა მინდა შეგახსენოთ, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა და რა ისტერიკა მოუწყვეს, კარგად ვნახეთ. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს პასუხი, პასუხი უნდა გასცეს კანონის ფარგლებში. კანონი აბსოლუტურად ყველამ იცის და არის ძალიან ლოგიკური და გონივრული - ადმინისტრაციული წესით ჯარიმაც და დაკავებაც, შესაბამისად, არავის ეს არ უნდა გაუკვირდეს. რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია, თუმცა კრიტიკა არ უნდა გადადიოდეს ღირსების შელახვაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.