ლევან მაჭავარიანი: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ როგორც არ უნდა დაიძაბოს რეგიონში სიტუაცია, საქართველოს ეს არ შეეხოს, საქართველო იყოს მშვიდობის კუნძული რეგიონში და მსოფლიოში

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ როგორც არ უნდა დაიძაბოს რეგიონში სიტუაცია, საქართველოს ეს არ შეეხოს, საქართველო იყოს მშვიდობის კუნძული რეგიონში და მსოფლიოში

ძალიან რთულია ამაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა თქმა უნდა, ვაკვირდები ძალიან დეტალებში როგორ ვითარდება მოქმედება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისრაელი-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს აღნიშნული ვითარება.

ლევან მაჭავარიანის თქმით, მთავარია ამ კონფლიქტში პირდაპირ არავინ ჩაერიოს, ვინაიდან პაკისტანის განცხადებაც მოვისმინეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ა.შ.

„მთავარია, რომ ეს კონფლიქტი დარეგულირდეს. ზოგადად, რომ გავიხედოთ რა ხდება, რუსეთ-უკრაინის ომი, ყველამ ვიცით ისე მიმდინარეობს, რომ, სამწუხაროდ ბატონი ტრამპის დაპირება რაც იყო, მალე დაასრულებდა ამ ომს, ჯერჯერობით ამ ომს დასრულების პირი არ უჩანს. ღაზას სექტორში რა ხდება, ესეც ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან და სრული ტრაგედიაა. ახლა დაემატა ისრაელი-ირანის ომი, რომელიც რეგიონისთვის უზარმაზარი საფრთხეა. ამასთანავე, ნუ გამოგვრჩება ის დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, მაგრამ არავინ იცის როდის შეიძლება გაღვივდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ პრაგმატულად ვიმოქმედოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი მოსახლეობა დარწმუნებულია ამაში, ამიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალურად პრაგმატულად. ცივსისხლიანი პრაგმატიზმია ამ შემთხვევაში საჭირო და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კურსს გავყვებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ როგორც არ უნდა დაიძაბოს რეგიონში სიტუაცია, საქართველოს ეს არ შეეხოს, საქართველო იყოს მშვიდობის კუნძული რეგიონში და მსოფლიოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.