მომავალ წელსაც და იმის შემდეგ წელსაც, როცა პარლამენტში მოვალ, არ ვაპირებ მიღწევებზე საუბარს, ვაპირებ პრობლემებზე საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანმა თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ სხვადასხვანაირად ესმით ადამიანის უფლებები.
„რაც შეეხება ქალბატონი თეას გამოსვლას, ნამდვილად არ ვაპირებ, იმავე სტილში და რიტორიკით გავცე პასუხი. მას არც უვიცი მინდა ვუწოდო და არც არაკომპეტენტური, ფაქტია, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ადამიანის უფლებები. ეს გამოჩნდა ამ დებატების დროს. არ ვიცი, თუ დაახლოვდება როდესმე ჩვენი ხედვები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე ვამბობ, რომ არჩევნები არ არის ჩემი თემა, ეს არის უტრირება, არჩევნები არის საარჩევნო უფლება და არის სახალხო დამცველის დასაცავი უფლება. არჩევნების ზედამხედველობა და არჩევნების დაკვირვება, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არ არის ჩემი თემა. ამიტომ 3 000 უბანზე რომ ჰყავს დამკვირვებელი ეუთო-ოდირს თუ რომელიღაც ორგანიზაციას, ის როგორ შეფასებასაც აკეთებს, მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ და არც იქნება სწორი, რადგან მე არ ვარ სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამის ახსნას ვცდილობდი ქალბატონი თეასთვის, თუმცა მან, როგორც ჩანს, რაღაც ვერ გაიგო, სამწუხაროა, რომ გავიდა დარბაზიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მომავალ წელსაც და იმის მომავალ წელსაც, როცა აქ მოვალ, არ ვაპირებ მიღწევებზე საუბარს, ვაპირებ პრობლემებზე საუბარს. მესმის, რომ არ არის კომფორტული, მაგრამ ასეთია სახალხო დამცველის მანდატი. აქ ზის ყოფილი სახალხო დამცველი და არ ლაპარაკობდა ის მიღწევებზე, როცა სახალხო დამცველი იყო, ლაპარაკობდა პრობლემებზე, იმ დროს არსებულ პრობლემებზე. მეც უნდა ვილაპარაკო ამ დროს არსებულ პრობლემებზე და არ იქნება პერიოდი არცერთ ქვეყანაში, რომ პრობლემები ამოწურული იყოს ადამიანის უფლებების კუთხით. ყოველთვის იქნება რაღაც და ამაზე უნდა ილაპარაკოს სახალხო დამცველმა, მე ასე ვფიქრობ.
სისტემური დანაშაულები ახსენეთ თქვენ, სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის დროს სისტემური დანაშაულები იყო, მაგრამ ახლაც არის სისტემური პრობლემები. ვახსენე ჩემს მოხსენებაში, მაგალითად, სოციალური საცხოვრისები. სისტემური პრობლემაა, როცა ყველა სოციალური საცხოვრისი, რაც საქართველოშია, ადამიანის უფლებების კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია და იქ ცხოვრება არის ღირსების შემლახავი – გორიც, ოზურგეთიც და ქუთაისიც, არ არის ეს სისტემური პრობლემა? რამეს ვიგონებ? სამ-სამჯერ მაინც ვარ იქ, ყველგან ნამყოფი. სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი გამოწვევები აქვს. გასაგებია, დღეს ციხეში არ აწამებენ ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გადასარევად მიდის ქვეყანაში?“ – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, არ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და არ ჩაერთვება პოლიტიკურ დებატებში.
„ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ვიდრე ვიქნები სახალხო დამცველი, ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე, ყოველთვის ვისაუბრებ მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პოლიტიკაზე. იმედია, გასაგებად ავხსენი ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება მთელი რიგი საკითხების მიმართ. მადლობელი ვარ ყველა კრიტიკული მოსაზრების, მათ შორის, რადგან მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც კრიტიკის ან განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვს, თუმცა თქვენც გთხოვთ, როდესაც აფასებთ ჩემს საქმიანობას, მაქსიმალურად იყოთ ობიექტურები ჩემი შეფასების დროს. მე ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელმაც დეპუტატებს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის ანგარიში წარუდგინა, მიმართა: „რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, დაიჯერეთ, რომ საქართველოში მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ“.