„ევრობარომეტრის კვლევის“ თანახმად, 17 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული ჩვენი მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ნული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტებზე, უსამართლო მოპყრობაზე და შეურაცხყოფაზე, ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას ვესაუბრებით შემდეგი სიტყვებით - რომ ევროპა, ევროკავშირი და ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა და მათ ყოველთვის ვმიჯნავთ ბრიუსელის ბიუროკრატებისგან და საქართველოში აკრედიტებული ელჩების გარკვეული ნაწილისგან, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან არასასურველ საქმიანობას ეწევიან“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე პარტნიორებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ მათი ეს უსამართლო მოპყრობა იქნებოდა კონტრპროდუქტიული, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა.
„მინდა დავიწყო იმით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩმა მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, თითქოს, წამების ქვეშ იყო, კვდებოდა ქართულ ციხეში და უნდა გადაგვეყვანა საზღვარგარეთ, მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ყველამ ვიცოდით, რომ ბატონი სააკაშვილი „სიმულიანტობდა“ და ამის შემდეგ ამ ელჩებს ერთი ბოდიშიც არ მოუხდიათ.
მინდა „ქართულ გამჭვირვალობის“ კანონს შევეხო, უმარტივეს ექვსგვერდიან კანონს, რაზეც ევრობიუროკრატები, ბრიუსელის ბიუროკრატები, აკრედიტებული ელჩების გარკვეული ნაწილი, ამას ჩვენს მოქალაქეებში ასაღებდა, რომ ვითომ ეს იყო „რუსული კანონი“, „დრაკონული კანონი“ და თუ ამ კანონს მივიღებდით ავკრძალავდით არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. ერთ წელზე მეტი გავიდა, არავინ აგვიკრძალავს და ბოდიში რატომ არ მოიხადეს?! ამასთანავე, ისინი ამბობდნენ, რომ თურმე როგორ შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენოთ დასავლეთიდან შემოსული ფული, როდესაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა თუ როგორი კრიმინალური ორგანიზაციები არიან USAID და NED-ი. ვისზეც ჩვენ ვსაუბრობდით. „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება არ შეიძლება გამოგრჩეს, ვინაიდან ევროპიდან დაფინანსებული ფულის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები ეწეოდნენ ამ კამპანიას.
რაც შეეხება სანქციებს, როდესაც ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ჩვენი ეკონომიკა დაგვენგრია, შემდეგ ისინი ამას უარყოფდნენ, თუმცა თავადვე მოახდინეს ამ ყველაფრის ლუსტრირება მას შემდეგ, რაც რეზოლუციებში ჩაგვიწერეს ეს მოთხოვნა.
კანდიდატის სტატუსის თემას მინდა შევეხო, როდესაც ჩვენ დაგვჩაგრეს, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მიცეს მაგალითად, მოლდოვას, რომელიც იხრჩობა კორუფციაში დსთ-ს წევრი ქვეყანაა, სადაც არ არსებობს ოპოზიციური ტელეარხი, ოპოზიციური პარტია და ამის შემდეგ თავისი ფულით დაფინანსებული „ენჯეოები“ სცენაზე აიყვანეს და იქ მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის კურსი არის ევროკავშირისკენ.
„ჩვენ დღეს ვართ ისეთი სუვერენულები და დამოუკიდებლები, როგორც არ ვყოფილვართ, ალბათ, ბოლო ერთი საუკუნეა. ჩვენ ამ კურსს ვადგავართ და ჩვენი ღირსებით, კულტურით და იდენტობით თავაწეულები 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.