გამოძიება დაიწყო, ჩვენს ინტერესშიც არის რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად უცხოელების ყურადღება მიიპყრონ, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოტე იოსელიანის საქმესთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად დაცლილია ოპოზიცია.
„ოპოზიციისგან რაიმე იდეა, რაიმე თემა მოგისმენიათ? ერთადერთი არის ის, რომ რამენაირად თვითვიქტიმიზაცია მოახდინონ. ესეც ერთ-ერთი მცდელობაა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ითქმება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმით, კოტე იოსელიანს ღამით დახვდა ხუთი ნიღბიანი, თუმცა მისივე სიტყვებით, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს.