ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17 წლიანი ცარიელი სიტყვების დრო,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნატო-ს ოპერაციებში და დროა ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მზაობა ქმედით ნაბიჯებში გადაიზარდოს.
„წვლილი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში. იცით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად იყო და არის ჩართული ნატო-ს ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ძალებთან. ამიტომ აქ კითხვა ზედმეტია იმასთან დაკავშირებით ნატო-ში წევრობისთვის საქართველო მზად არის თუ არა. დღეს, რაც ნამდვილად გვაკლია ეს არის მზაობა იმისა რომ ამ რეგიონში ნამდვილად აქვს სურვილი ნატო-ს გაფართოების. გაფართოება ნიშნავს გეოპოლიტიკურ კონკურენციაში შესვლას და ამისთვის არის აუცილებელი არა მხოლოდ პოლიტიკური მზაობა, რეალური ნაბიჯები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.