ერთ-ერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვერც ერთი თვითმფრინავის ბორტზე ვერ აღმოჩნდება ვერც ერთი მგზავრი იმ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევით, ჩუმათ და ეს შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, ამას გამოძიება და სასამართლო გაარკვევს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბრალდებულ ბაჩიაშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ბრალდებულ ბაჩიაშვილის ნაამბობი მისთვის არასანდოა. საბოლოოდ, გამოძიება აჩვენებს, რამდენად სანდო იყო მისი მონაყოლი, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.
„მოხარული ვარ, რომ სუს-მა ეს ოპერაცია ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კანონიერად იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბაჩიაშვილმა პროცესზე ისაუბრა მის უცხოეთში დაკავებაზეც და განაცხადა, რომ ის გაიტაცეს.
ამასთან, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ის „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით გაიტაცეს. ავიაკომპანიის განმარტებით, შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა, ან გამგზავრება არაკანონიერი გზით.