პროექტი, რომელიც უნდა დამჯდარიყო, დაახლოებით, 140 მლნ, დაჯდა 240 მლნ და დღეის მდგომარეობითაც არ არის ექსპლუატაციაში შესული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას აცნობა, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს მისი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა-შეფასება ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება.
„დღევანდელი პროცესი ეხებოდა „მტკვარი ჰესის“ საქმეს. ამ საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა. აქ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით გულგრილობას, რაც გულისხმობს არა ჯეროვან დამოკიდებულებას მისი საქმისადმი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ის იყო ყველაზე მაღალი ტოპმენეჯერი პოზიციაზე. მასთან იყო დაკავშირებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდებოდა. პროექტი, რომელიც უნდა დამჯდარიყო, დაახლოებით, 140 მლნ, დაჯდა 240 მლნ და დღეის მდგომარეობითაც არ არის ექსპლუატაციაში შესული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“ და სამსახურებრივ გულგრილობას.