ცნობილი გამოცემა The New York Times-ი ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ს ქართველი მხატვარი, რომლის უნარმა მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა“.
The New York Times-მა სტატია ჩემპიონთან ლიგის ფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად გამოაქვეყნა. 31 მაისს კვარაცხელიას პსჟ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელია ზაფხულს წალენჯიხაში, მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯიხაში მხოლოდ 25 000 მაცხოვრებელია. თუმცა, როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, ამ რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია - ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო. მელიტონ ქანთარიამ კი 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.
სტატიის ავტორები იხსენებენ ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ეპიზოდს. კერძოდ, ბადრი კვარაცხელია რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა და მის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩიც კი ჩაატარა. აზერბაიჯანში მწვრთნელობისას, როდესაც კვარაცხელია პროფესიულ ფეხბურთში სამწვრთნელო როლში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრის ექიმებმა უთხრეს, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.
18 წლის ასაკში ხვიჩას არ სურდა საქართველოდან წასვლა. თუმცა, მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ეს აუცილებელი იყო და „რუსთავიდან“ იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი პირველი ხელფასი საკმარისი იყო ოპერაციის დასაფარად და მამის სიცოცხლის გადასარჩენად.
„მას ამ ფულზე კითხვაც არ გასჩენია და მთელი თავისი პირველი ხელფასი მოგვცა“, - ამბობს ბადრი კვარაცხელია ინტერვიუს დროს.
ბადრი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება. დიდი ემოციების და გულის გამო, ის ვიპ-ლოჟაში ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დარჩეს. ასე იყო კვარაცხელიას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში - იანვარში პსჟ-ში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს“, - წერს The New York Times-ი.