შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთ უცხოელ ელჩსა და უცხოელ პოლიტიკოსს მინდა მივმართო - ან ახლა უთხრან მელიას, გადაიხადოს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუკი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მიიღებს დაპატიმრების გადაწყვეტილებას

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთ უცხოელ ელჩსა და უცხოელ პოლიტიკოსს მინდა მივმართო - ან ახლა უთხრან მელიას, გადაიხადოს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუკი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მიიღებს დაპატიმრების გადაწყვეტილებას

ვინც მას კარნახებს და ვინც მას დღის წესრიგს უწესებს, ზოგიერთ უცხოელ ელჩსა და ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს მინდა მივმართო - ან ახლა უთხრან მელიას, გადაიხადოს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუკი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მიიღებს მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი.

„გახსოვთ, წინა ჯერზე, მან თქვა, არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო და მის ამ ქცევას მხარს უჭერდა რამდენიმე უცხოელი, მათ შორის, ლიტვის ელჩი პირადად მივიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაგრებულ ალამუთში, რომ ეთქვა, მაგრად დამდგარიყო, სახელმწიფო არ ეღიარებინა და ის გვერდით დაუდგებოდა. როგორ გამოადგა ლიტვის ელჩი, კი დავინახეთ შემდეგ - მიაბრძანეს საპატიმრო დაწესებულებაში. თუმცა, ვნახეთ ასევე, რომ ამის გამო სამი წელი ლიტვის და სხვა ხელისუფლებები საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციას ულახავდნენ. აბრალებდნენ, თითქოს, ნიკა მელიას დაპატიმრებას მაშინ იყო პოლიტიკური დევნა. სამი წლის თავზე ფურცელი ააფარა ლიტვისა და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლომ და უთხრა, რომ ისინი ცილს სწამებდნენ მთლიანად სახელმწიფოს, ერსა და ხალხს. მიუხედავად ამისა, დახედეს ფურცელს და გაიარეს. ბოდიში არ მოიხადა არც ერთმა იმ ხელისუფლებამ, ვინც მაშინ ცილს სწამებდა. მათ შორის, ევროკავშირის ელჩი, ბრიტანეთის ელჩი და სხვები და დღესაც ვხედავთ, რომ იგივე სიტუაცია იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში. იგივე ხალხი გამოდის - ბრიტანეთის ელჩი, ნორვეგიის ელჩი გამოვიდა, ბალტიის ქვეყნების ელჩები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ტყუილი თქვეს, რომ ეს თითქოს, კანონსაწინააღმდეგოა. ისე, რომ ადამიანებს არც კი რცხვენიათ, ტყუილს რომ ამბობენ. ამ შემთხვევაში ისტორია ისეთი ველი არ არის, 3-4 წლის წინანდელია და ამიტომ ეს ყველაფერი არქივშია.

რაც შეეხება ახლა მელიას შემთხვევას, სასამართლო იქნება მალე და ზოგადი შეფასებით ვხედავთ, რომ იდენტური სიტუაციაა, რაც 2021 წელს იყო. იდენტური სიტუაციაა, რაც ზურა ჯაფარიძის შემთხვევის დროს იყო. ამიტომ, მე მაქვს ერთადერთი რამ - მელიასთან საუბარს და მოწოდებას აზრი არ აქვს, ვინც მას კარნახებს და ვინც მას დღის წესრიგს უწესებს, ზოგიერთ უცხოელ ელჩს და ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს მინდა მივმართო - ან ახლა უთხრან მელიას, გადაიხადოს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუკი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მიიღებს მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ელჩმა 3 წელი აჯანჯღარა ქვეყანა აბსოლუტურად ყალბი და ცრუ საბაბით.

„შემდეგ წუწუნი არ იყოს, გინდა საჯაროდ, გინდა არასაჯაროდ ახლავე უთხრან, რომ თუ იგი არ გადაიხდის გირაოს და დადგება ისეთივე მდგომარეობა რაც იყო 2021-2022 წელს, მათგან არ ექნება განცხადებებით მხარდაჭერა“, - დასძინა პაპუაშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50-ათასლარიანი გირაო დააკისრა.