ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და მოიკითხოს მედიამ, ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ პროგრამის შექმნის უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. იგი ამგვარად გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მობილური ტელეფონების საშუალების ჩატარების იდეას, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გააჟღერა.
„რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას ტელეფონების აპლიკაციით და ასე შემდეგ, მარტივ კითხვას დავსვამ - იქნებ, ყველა ჟურნალისტმა მოიკითხოს, ვინ აწარმოებს, რომელი კომპანიაა თუ ვინ არის ეს. რაღაც ინფორმაცია ჩვენც გვაქვს და აბა, ერთი მოვიკითხოთ, ვინ აწარმოებს, შემთხვევით, ეს მისი რაღაც ბიზნესგეგმა ხომ არ არის? აბა, დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, თორემ ასეთ აბსურდულ რაღაც გეგმებს რომ აცხადებს, სხვა საკითხია. თუმცა, მე ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და მოიკითხოს მედიამ, ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ პროგრამის შექმნის უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემაზე. პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ამ საკითხზეც ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს.
„რაც შეეხება ოპოზიციაში შიგნით დაპირისპირებას, ხომ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ლელო“, ხაზარაძე და გახარია მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ხომ უარყოფდნენ ამ ყველაფერს, ხომ აღმოჩნდა, რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს? თავიდანვე არ თქვეს, ჩვენ რომ ვამბობდით, რომ ვიცით ამის შესახებ და რეგიონში ოფისები გაამაგრეს და იწყებენ რაღაც მუშაობას, ამას ხომ უარყოფდნენ. აღმოჩნდა, რომ აქაც ატყუებდნენ ამომრჩეველს. ის თაღლითობა, რაც ისედაც არის ამ პარტიების გენეტიკურ კოდში ჩადებული, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თაღლითურად ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, რომ „არ ვიღებთ მონაწილეობას [არჩევნებში]“ და დღეს მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება. ასე რომ, ყველა ზუსტად ასე დალაგდება და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.