დავით ქართველიშვილი: როდესაც შენს გვერდით და შენს უკან სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიაა, ვიღაც გავლენიანი მედროვეების ციტატები თუ ჟესტები რომ გვაკერია პირზე ჩვენი „გადარჩენისა

დავით ქართველიშვილი: როდესაც შენს გვერდით და შენს უკან სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიაა, ვიღაც გავლენიანი მედროვეების ციტატები თუ ჟესტები რომ გვაკერია პირზე ჩვენი „გადარჩენისა" თუ „დაღუპვის" ნიშნად, უკიდურესად სირცხვილია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი უცხოეთიდან გამოგზავნილი მოლოცვების გამო ქართულ საზოგადოებაში გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას.  როგორც ექსპერტი წერს, საჭიროა მეტი ღირსებისა და თავშეკავების დაფიქსირება იმაზე, ვინ რა თქვა, ვინ რა დაწერა. 

„მამუკა მდინარაძე ტრამპის და რუბიოს განცხადებებზე: შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ მხარდამჭერს, მაგრამ გადაჭარბებული რეაქციებია - დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ.“

ამ ჩვენს „გენეტიკურად" თეატრალიზებულ ემოციებზე არაერთხელ მითქვამს - მეტი ღირსება, მეტი თავშეკავება და ნაკლები ცრუ მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, ვინ რა თქვა, ვინ რა დაწერა, ვინ ვის მიმართა თუ ვისი ხსენებაც დაავიწყდა. უბრალოდ სირცხვილია  და სამარცხვინო უვიცობასა და ურწმუნოებაზე მიუთითებს.

როდესაც შენს გვერდით და შენს უკან სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიაა, ასობით ათასობით წმინდათა დასი და სახელოვანი მებრძოლი წინაპარი, ხოლო უფალს და ღვთისმშობელს არასდროს მიუტოვებიხარ, განსაკუთრებით შენივე გამოსწორების და რწმენაში განმტკიცების მიზნით დაშვებული განსაცდელების ჟამს - ვიღაც გავლენიანი მედროვეების ციტატები თუ ჟესტები რომ გვაკერია პირზე ჩვენი "გადარჩენისა" თუ "დაღუპვის" ნიშნად, უკიდურესად სირცხვილია.

ცნობილი საბჭოთა ფილმიდან („უდაბნოს თეთრი მზე") ერთ თვალსაჩინო ეპიზოდს მაგონებს. წითელარმიელს „შესანახად" ჩააბარებენ ადგილობრივი „ბასმაჩის" (მის როლს კახი კავსაძე ასრულებს) ჰარამხანას წევრებს - ჰიჯაბებში გახვეულ რამდენიმე ქალბატონს. ერთ დღესაც, ამხანაგი სუხოვი ერთ-ერთ მათგანს (გულჩიტაის) ბანაკში მორიგედ დანიშნავს. ამაზე საოცარი სიხარული ემართება გულჩიტაის: „პატრონმა საყვარელ ცოლად ამირჩია!" - აუწყა მან დანარჩენ კოლეგებს. ამ ბედნიერი შეგრძნებით რამდენიმე კინემატოგრაფიულ წუთში დაიღუპა კიდეც - მოკლეს საბრალო...," -  წერს დავით ქართველიშვილი.