რამდენადაც მახსოვს, პირველი შემთხვევაა, რომ ელჩს საქართველოში მიაყენეს შეურაცხყოფა, მე ვერ ვიხსენებ ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველოში ასეთი რამე მომხდარიყო ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, ჩვენი კულტურის გამო, სტუმრის მიმართ პატივისცემის გამო, ელჩის პატივისცემის გამო და სხვათა შორის, გერმანიის მიმართ რა დამოკიდებულებაც გვქონდა, რომელსაც ასე აფუჭებს, სამწუხაროდ, ზოგიერთი გერმანელი აქტორი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც ელჩი აბიჯებს პოლიტიკაში, შემდეგ უკვე მოქალაქისთვის გარჩევადობა რთულია, არის თუ არა ეს ელჩი.
„სხვათა შორის „ენჯეოებთან“ დაკავშირებით ელჩებს და დონორებს ამას ვეუბნებოდი, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ აი, „ენჯეოებზე“ მიდის ვერბალური თავდასხმა. კრიტიკას და თავდასხმას რომ ვერ ასხვავებ სხვა რამეა. მათ ვეუბნებოდი, არის ქართული პოლიტიკური სივრცე, რომელსაც აქვს თავისი წესები. მათ შორის და არა მხოლოდ საქართველოშია, რომ გარკვეული სიხისტე აქვს ამ პოლიტიკურ ბატალიებს. „ენჯეოების“ უპირატესობა წესით ის უნდა იყოს, რომ ისინი როგორც ნეიტრალურები, ამ სივრცეში არ არიან. განყენებულები არიან და აქედან გამომდინარე, ამ ვერბალური სიხისტისა და ბატალიებისგან დაცული არიან.
როგორც კი ისინი შემოაბიჯებენ პოლიტიკის წრეში, ავტომატურად, საკუთარი ნებით ექცევიან ამ წესებში, პოლიტიკური დებატის, ბატალიის, სიხისტის თუ ხანდახან სიუხეშის წესებში, რომელიც შესაძლოა არავის მოსწონს, მაგრამ ასეა. ეს არ დამიჯერეს, „ენჯეოები“ პირდაპირ შემოყარეს პოლიტიკაში და ნახეს რაც მიიღეს საბოლოო ჯამში აქედან. სამწუხაროდ, ახლა უფრო შორს წავიდნენ. როდესაც ელჩი თავად აბიჯებს პოლიტიკაში, პრობლემა რაშია, რომ შემდეგ უკვე მოქალაქისთვის გარჩევადობა რთულია, არის ეს ელჩი?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.