„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრა.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ „რა შეიძლება შესთავაზოთ საზოგადოებას იმისთვის, რომ სიძულვილის, ასეთი მწვავე დაპირისპირების ფონი ოდნავ ჩაცხრეს“ მდინარაძე აცხადებს, რომ „ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რაც შეიძლება დაისვას ჩვენი მისამართით. ერთი მთავარი რაც შეიძლება იყოს, [არის] სიმართლის მეტად ტირაჟირება“.
„რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი გულწრფელობა, უფრო მეტს. ფაქტია, რომ საზოგადოების უმრავლესობას სიმართლე კარგად აქვს დანახული და აღქმულიც. ეს ერთი ბედნიერებაა იმიტომ, რომ ასე რომ არ ყოფილიყო, მარტო „ქართული ოცნება“ ვერაფერს იზამდა. რომ არ აღექვა ხალხს და სიმართლე რომ არ გაეგო, მაშინ ჩვენ, ამ სტუდიაში ფიზიკურად შეგვეძლებოდა თუ არა ჯდომა ამას ვერავინ იტყოდა. შეიძლება კი, შეიძლება ვერ და მეორე ვარიანტის უფრო მეტი შანსია. შესაბამისად, ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, საზოგადოებასთან ბევრი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. ბევრი კრიტიკული კითხვა უნდა დაისვას იმისათვის, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იყოს და მერე საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოს“-აღნიშნავს მდინარაძე.
„ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, ყველა მართლა აგენტურას აყოლილი შეგნებულად ნამდვილად რომ არ არის ფაქტია. არ შეიძლება, რომ ათეულობით ათასი ადამიანი ფიქრობდეს, რა კარგია რომ გარედან გვმართონ. რა კარგია, რომ თითს დაგვიწკაპუნებენ, გაგვიშვან ომში. როცა არ დაგვიწკაპუნებენ მაშინ ვიყოთ წყნარად. როცა გვეტყვიან ლომჯარია გიგაურების ჭკუაზე უნდა ვიაროთ, როცა გვეტყვიან ლიბერალური ნარატივი ბოლომდე უნდა გავშალოთ. როცა გვეტყვიან ქალი და მამაკაცის რაობასაც კი კითხვის ნიშნები უნდა დავუსვათ. მამულზე, ენაზე და სარწმუნოებაზე ადამიანები ფიქრობდნენ, კარგი ერთი რაო, არ მგონია, რომ ასე ფიქრობდეს ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი, გამორიცხულია.
ჩვენს ირგვლივაც არიან ადამიანები, რომელთაც მართლა სჯერათ დღემდე, ამ მომენტამდე დარწმუნებულები არიან, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით რუსული კანონის მიღებას. რუსეთის საქმეს ხომ არ აკეთებ, ამიტომ მგონია რუსული რეჟიმი, ეს შეიძლება კიდევ იფიქრო, გაგაგიჟეს ვთქვათ, ტვინი გამოგირეცხეს, მაგრამ უკვე ფაქტი რომ გიდევს წინ, წაკითხულიც რომ არ გაქვს, ან წაკითხული თუ გაქვს და მაინც იძახი, უარეს მდგომარეობაში ხარ. პრობლემა აქვს მართლა ადამიანს, ანუ, არის ისეთი ჯგუფების გავლენის ქვეშ, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეს უნდა გავაგებინოთ იმ ხალხსაც, ჩვენმა მომხრეებმა ეს კარგად იციან და სხვათა შორის, ნეიტრალურად მოფიქრალმა ადამიანებმა ბევრი დასკვნა გამოიტანეს ამ ბოლო დროს, მათ შორის, როგორ განვითარდა რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები. რა ენთუზიაზმით ვიყავით ადამიანები გამსჭვალული მთელს მსოფლიოში, როცა ომი დაიწყო. მაგრამ, როგორ შევარდება, აიღებს მოსკოვს, პუტინს დაიჭერენ და გაასამართლებენ, ეს რომ ვერ წარმოვიდგინეთ, რუსეთუმეები ხართო გვეუბნებოდნენ. და რაც მოხდა, ეს რომ წარმოვიდგინეთ, რომ გაანადგურებდნენ უკრაინას- როგორ, რუსეთს უჭერთ მხარსო. რეალობას გელაპარაკები, პროგნოზი რა იქნება“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.