შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ გომელაურის საქმიანობა შეაჯამა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თავის საქმეს წარმატებით აკეთებდა.
„მან თავად გააკეთა განცხადებაც და განმარტებაც ამასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი, როგორც ვხვდები, თუ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი არა საქართველოს მთავრობის კაბინეტში. მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარემოზე საქართველოში, ვსაუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში.
როდესაც ვსაუბრობთ გარედან დაგეგმილ არეულობებზე, რევოლუციების მცდელობებზე, რომლებიც მოწოდებული იყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფერთან გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამ ყველაფერს წარმატებითაც აკეთებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.