საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს წერილი და მისი შინაარსი მისასალმებელია.
„უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია ის მილოცვბის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში - ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვფიქრობ, ეს არის კარგი სიგნალი.
რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც „ფეისბუქზე“ ვიხილეთ - პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს, უცნაურია - როგორც თვითონ საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელ ამბავს, მაინც და მაინც პრეზიდენტ ტრამპის უშუალო მილოცვის მეორე დღეს გამოეხმაურნენ, უფრო სწორად, ამ საკითხს მიაყოლეს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ განცხადებას რა მიზანი ჰქონდა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„დიახ, ზუსტად ამას ვსაუბრობთ, პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ჩვენ გვაქვს. მისი გაცხადებული მიზნები იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად და მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და უფრო მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი".