თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება - ნიკა მელია სოციალურ ქსელში ამჯერად პარტია

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება - ნიკა მელია სოციალურ ქსელში ამჯერად პარტია "ლელოს" აკრიტიკებს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა მელია სოციალურ ქსელში ამჯერად პარტია "ლელოს" აკრიტიკებს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ "ლელომ" პირველად დააფიქსირა ის პოზიცია, რაც გახარიას პარტიას აქვს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს. მელია საზოგადოებას მიმართავს, წავიდოდნენ თუ არა არჩევნებზე და მისცემდნენ თუ არა ხმას ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს.

ნიკა მელიას კრიტიკა გამოიწვია პარტია "ლელოს" წევრის იმ განცხადებამ, რომელიც საბა ბუაძემ ერთ-ერთი ტელემედიის ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

"ადგილობრივი გამოყენება დამატებით წინააღმდეგობის შექმნისათვის ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა თუ არა, როგორ ვუყურებთ ამადგილობრივ არჩევნებს, რა ტიპის ინსტრუმენტად ვუყურებთ ამ ადგილობრივ არჩევნებს - ამაზე უნდა იყოს მსჯელობა", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

ამის შემდეგ მელიამ ჩაწერა ვიდეომიმართვა და კითხვით მიმართა "ლელოსა" და გახარიას პარტიის ამომრჩევლებს, რატომ უნდა მისცენ ხმა და მხარი დაუჭირონ ისეთ პარტიას, რომლებიც აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

"პარტია "ლელომ" პირველად, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ის, რასაც აფიქსირებს გახარიას პარტია უკვე თვეების განმავლობაში, რომ მათთის პრობლემას არ წარმოადგენს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს ვერ მოახდენს ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ერთი კითხვა, ასეთი პოზიციის მქონე პარტიებისთვის, თქვენ, ვიცი, რომ ამ ვიდეოს ნახავთ ადამიანები განვსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით, წახვიდოდით არჩევნებზე და ხმას მიცემდით აი ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს?" - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

გახარიას გუნდში მელიას კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს.

"მე ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობებზე, ან თუნდაც იმ კითხვებზე, რომლებსაც თუნდაც ერთმანეთს უსვამენ. ღიმილის მომგვრელია ის, რომ ნიკა მელიას თვითონ აქვს პასუხი გასაცემი შეკითხვაზე, რაც ჩვენ უკვე დავსვით ერთი კვირის წინ, ვკითხეთ მას, რას აპირებს, რა დღის წესრიგს სთავაზობს საკუთარ ამომრჩეველს მაშინ, როდესაც იძახის, რომ ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არჩევნები ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი მშვიდობიანი ფორმით შეცვალო ხელისუფლება", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი.

https://rustavi2.ge/ka/news/315412?fbclid=IwY2xjawKjtXhleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFrOFA2NG5sU1E5QzJzY0J1AR6BERYAWIYYkqWCm3YRKcZbwEiOHvtiELHvX5pv2YAy5gr-m7d71FKnfSCzeQ_aem_mDdGjiNMttpCDd0Mm5sNPg