ე.წ. „მეგობარი აქტში" გაჟღერებულია ბრალდება, თითქოს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, როდესაც ფაქტები ადასტურებს, თუ რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, პირველ რიგში, სწორედ, დემოკრატიული თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
კითხვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისადმი საჯარო მიმართვაზე ოპოზიციის შეფასებებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპონენტები კვლავ არეულები არიან საკუთარ გზავნილებში და ერთ მესიჯზე ისევ ვერ შეჯერდნენ.
„ოპოზიცია კვლავ არეულია და ვერ შეჯერდა ერთ მესიჯზე. ან უნდა იყო სასოწარკვეთილი, ან უნდა იყოს რაღაც აგრესიული ნაბიჯი, აქაც კი არეულები არიან საკუთარ გზავნილებში. რეალურად, ეს არც ერთია და არც მეორე, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, ჩვენ კონკრეტული ფაქტები ჩამოვთვალეთ,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება დაუთმო იმ ფაქტებს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე როგორ ხორციელდებოდა ბიზნესის რეკეტი და ტელევიზიების მიტაცება და აღნიშნა, რომ ის პროგრესი, რომელიც დღეს ქვეყანას ამ და სხვა მიმართულებებით აქვს, ე.წ. „მეგობარი აქტში" დემოკრატიულ უკუსვლადაა მოხსენიებული.
„ე.წ. „მეგობარი აქტში" ბრალდებები შეეხებოდა დემოკრატიულ უკუსვლას, ევროინტეგრაციიდან და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან უკუსვლას, მსგავსი ტიპის ბრალდებები გაჟღერდა. რა დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი, როდესაც ფაქტები ადასტურებს იმას, თუ რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, პირველ რიგში, სწორედ, დემოკრატიული თვალსაზრისით. სად ვიყავით ჩვენ 2012 წლამდე და სად ვართ დღეს. ე.წ. „მეგობარი აქტში" არჩევნებზეცაა საუბარი, ვინ წარმოიდგენდა 2012 წლამდე, რომ შეიძლებოდა დანერგილიყო ელექტრონული რეგისტრაციისა და კენჭისყრის წესი. ამას უბრალოდ ვერავინ წარმოიდგენდა - ღილაკზე აჭერ თითს და მაშინვე იბეჭდება ოქმები. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც ხელით ხდებოდა ყველა ოქმის გადაწერა საოლქო კომისიებში. ამის ტექნიკური საშუალებაც კი არ დავტოვეთ, იმხელა პროგრესზეა საუბარი. ასევე საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, 2012 წლამდე მოქმედებდა შერეული საარჩევნო სისტემა, დღეს რომ ჩატარებულიყო შერეული სისტემით არჩევნები, 89-ის მაგივრად ჩვენ გვექნებოდა 119 მანდატი პარლამენტში, ანუ ძალიან მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენი ინტერესების საზიანოდ შევცვალეთ თავის დროზე, 2017 წელს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციასაც არ დაუჭირა მხარი „დიფ სთეითის" მიერ მართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ. ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა. 25 000 იყო თითქმის პატიმრების რაოდენობა და ახლა 9 000-იც არ არის. 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. ათეულობით ადამიანს კლავდნენ ციხეებში. არა თუ გაუმჯობესებულია მდგომარეობა ციხეებში, არამედ ევროპული სტანდარტები გვაქვს უზრუნველყოფილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, სრული მონოპოლია დაამყარეს, ერთი ტელევიზია მიიტაცეს, მეორე, მესამე, სრული მონოპოლია ჰქონდათ, დღეს კი, სრული მრავალფეროვნებაა მედიასივრცეში. ბიზნესის რეკეტს რაც შეეხება, ხანდახან მეც მაქვს ხოლმე საშუალება, კომისიის სხდომებს თვალი მივადევნო, მართლა უბედურებაა, რასაც ჰყვებიან ადამიანები, რამდენად სისტემური და სასტიკი იყო ის მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, საუბარია ათასობით შემთხვევაზე, როდესაც გაამწარეს ადამიანები და დაუნგრიეს ცხოვრება, კეთილდღეობა. სიცოცხლის მოსპობით დასრულებულა ხშირად ასეთი მოპყრობა, მარტო 150 საჩვენებელი მკვლელობა მოაწყვეს ქუჩებში და ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ამ ყველაფრიდან თითქოს გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.