გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დასანანი იყო ამ თემაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან გავრცელებული მესიჯი.
„ჩემთვის დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან, იქ დიფ სთეითზე იყო საუბარი და ამ თემასთან საერთოდ რა შუაშია დიფ სთეითი, ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ერთი რამ არის საინტერესო, რომ ის არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტრესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა, შევიდე დეტალებში, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში ჩვენი კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა. იყო დამატებით სხა მიზეზებიც, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.