ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაიდუმლოებული დაფინანსების გამოაშკარავებას ითხოვს. ეს განცხადება პარტიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს ევროკომისიის ბიუჯეტის გამოყოფისა და საბიუჯეტო თანხების გამჭვირვალობის გაზრდის საკითხს. საბიუჯეტო გამჭვირვალობისა და ფინანსური ზედამხედველობის ფარგლებში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
ამ ინიციატივის ავტორები, დეპუტატები ტომას დეხოვსკი და ნიკლას ჰერბსტი განმარტავენ, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა არა სასჯელი, არამედ ნდობისთვის აუცილებელი ფუნდამენტური პრინციპია. ევროპარლამენტარები ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტების სისტემურ მონიტორინგსაც მოითხოვენ.
„მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, თუმცა ისინი ფინანსურ ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ. გამჭვირვალობა არ არის სასჯელი, არამედ ეს არის ნდობის საკითხი და ფუნდამენტური პრინციპი. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საიდუმლოებასთან დაკავშირებით, არასაკმარისი რეაგირება ხდება. ეს არის ხანგრძლივი სკანდალი, რომელსაც დიდი ხანია ვგმობთ. ევროკომისია ფარულად არ უნდა აფინანსებდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპარლამენტში ლობიზმისა თუ საკანონმდებლო ინიციატივების საწინააღმდეგო ლობიზმისთვის“, - აღნიშნავს ტომას ზდეხოვსკი.