აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
ის აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ დავით რიჟვაძემ განაცხადა, ის არავის დაუკავებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. ამ ეტაპზე არაფრით არ ვარ დაკავებული. მეტი ყურადღება და დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავს და ოჯახს.
32 წელი ღირსეულად, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად, ვემსახურე ამ რეგიონს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულიად საქართველოს. ამაყი ვარ იმ 32 წლით, რაც ვიმსახურე შინაგან საქმეთა ორგანოებში“, - განაცხადა დავით რიჟვაძემ.
მან ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის მიერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებითაც.
„როდესაც თანამდებობაზე იყო, პოლიტსაბჭოს წევრობა მაგას უკავშირდებოდა. თანამდებობა დატოვა, შესაბამისად დატოვა პოლიტსაბჭოს წევრობაც.
წარმატებას ვუსურვებთ მეც და ჩემი ოჯახიც განახლებულ პოლიტსაბჭოს და ვრჩებით ერთგულ ჯარისკაცებად. მეც და ჩემმა შვილმაც პირად საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. 32 წელი ვიმუშავე, ვიმსახურე და გადავწყვიტე, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილიშვილებს“, - განაცხადა დავით რიჟვაძემ.