რომან სურმანიძის მამა: ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად „ნავთლუღის სპეცოპერაცია

რომან სურმანიძის მამა: ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად „ნავთლუღის სპეცოპერაცია" და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი

მათი მოქმედებით მე გავიგე,რომ ციხეზე, პატიმრებზე რომ ზეწოლა გაეკეთებინათ, რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და ეს უდანაშაულო ბავშვები მაგისთვის ჩაცხრილეს და იმიტომ მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად "ნავთლუღის სპეცოპერაცია" და სად რუსთავის ციხე?, - განაცხადა 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას" "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მოკლული რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, რომან სურმანიძე თბილისში პირველად იყო და ის მარტოც ვერ წამოვიდოდა, მეგობრებს გამოჰყვა. მოკლულის მამას მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსნები მსხვერპლს ეძებდნენ და სამი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო მოკლეს.

„მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ შვილს, აღარაფერს მოვიკითხავდი. იქამდე მიეშვათ და იქ მოეკლათ. ეს ბავშვები იქ მიმსვლელი არ იყვნენ და ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში. ის ამხანაგებს გამოჰყვა, თორემ, თბილისში მარტოც ვერ წამოვიდოდა. ნამდვილად მსხვერპლს ეძებდნენ. ჩემი შვილი, საზაფხულო დასვენებებზე ჩემთან ერთად თურქეთში გადადიოდა, ალალი შრომით ირჩენდა თავს და სტუდენტობაში რომ თანხა ეხარჯა, მისი გამომუშავებული თანხით დადიოდა ბათუმში და სწავლობდა. ჩვენ ოჯახს ის ფუფუნება არ გვქონდა, რომ სტუდენტი გვერჩინა. მოგეხსენებათ, მაშინ, 2006 წელში უმუშევარი დრო იყო, თურქეთიდან ვირჩენდით თავს - ჩაი უნდა მოგვეკრიფა თურქეთში, ფული უნდა გადმოგვეტანა რომ პური გვეყიდა და თავი გვერჩინა, სხვა შემოსავალი არ გვქონდა“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

„ნავთლუღის სპეცოპერაცია" 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. 2012 წლის შემდეგ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყების შედეგად კი, "ნაცმოძრაობის" რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ ("მასტერა") რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.