ჩემი შვილი ისე დავასაფლავე, ორი პოლიციელი ჩემს ეზოს არ მოსცილებია, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემი ბავშვი უდანაშაულოა, განცხადების შეტანა გადავწყვიტე, რომ გავიგო რა დააშავა, ამ დროს ტელეფონში შემოდის ზარი დაფარული ნომრიდან, დაბრუნდი უკან, თუ გინდა დანარჩენი შვილები ცოცხლები გყავდესო, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაციის დროს სამი ბიჭი ისე დახოცეს, რომ არც იცოდნენ, ვინ იყვნენ.
„2006 წლის 12 იანვარს მომხდარი სპეცოპერაციის დროს მოკლულ სამივე ბიჭს კარგად ვიცნობდი, მაგრამ იმ დღეს რა ხდებოდა არ ვიცოდი. მითხრეს, თბილისში რაღაც შეხლა-შემოხლააო, ბიჭებმა რაღაცა დააშავეს და დაჭერილი არიანო. არ ვიყავი მზად გარდაცვალებისთვის. თბილისი-ბათუმის მატარებელს გამოვყევი. სადგურში ჩემი სიძის ძმა დამხვდა, შენობასთან რომ მივედით, მივხვდი, ეს პოლიცია არ იყო, ბავშვები დაკავებული არ იყვნენ, ეს იყო საავადმყოფო. შენობის უკან რომ მიმიყვანეს, მითხრეს, გამაგრდიო. მორგვთან პოლიციელი დაგვხვდა. საქმეც ჯერ არ ვიცი, ტელევიზორში გვანახებენ ბნელ კადრებს, სროლებია, მაგრამ ვინ ვის ესვრის არ ჩანს. მიხსნის, სამი ახალგაზრდა იყოო და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენო. ერთი რომან სურმანიძე იყოო, მას პასპორტი ჰქონდა და ამით დაადგინეს. მეკითხებიან, დანარჩენ ორს იცნობო? ვუთხარი, ვიცნობ, გორგაძეც და ართმელიძეც მე ამოვიცანი. დახოცეს და არც იცოდნენ, ვინ იყვნენ. მერე მკვდარს არ მატანდნენ, რაღაც საბუთები ყოფილა შესადგენი. ამ საბუთების შედგენაში და სირბილში, თითქმის დაღამდა. სადაც არ მივედი ლანძღვას ვისმენდი ჩემი დახოცილი ბიჭების მისამართით. თურმე, ტერორისტები, არაკაცები არიან“, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
მისი თქმით, ბათუმში რომ გადაასვენა მოკლული შვილი, სახლში ორი პოლიციელი დახვდა, რომლებიც ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
„ბათუმში გავასვენეთ ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი მხვდება, სახლში არ მიშვებენ, მკვდარი რომ დავასვენო არ მიშვებენ, თურმე, ტერორისტი ყოფილა და სახლის ჩხრეკა, სარდაფში ჩასვლა უნდათ. ისე დავასაფლავე, ორი პოლიციელი ჩემს ეზოს არ მოსცილებია, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. მერე განცხადების შეტანა გადავწყვიტე, რომ გავიგო რა დააშავა. გამოვედი საღამოს, რომ ჩამოვიდე თბილისში, ამ დროს ტელეფონში შემოდის ზარი დაფარული ნომრიდან – დაბრუნდი უკან, თუ გინდა დანარჩენი შვილები ცოცხლები გყავდესო. შვიდჯერ იყო ასე. ბოლოს მანანა კობახიძემ მითხრა, შენი ჩამოსვლა არ არის საჭიროო და სტრასბურგს გადაეცა საქმე. გაამართლეს ეს ბიჭები, თორემ ახლაც ტერორისტებად იქნებოდნენ მოხსენიებული. ჩვენ შვილები ტერორისტებად არ გაგვიზრდია. რომანი უფროსი შვილი იყო, სწავლობდა. მეორე ბიჭი – როინ სურმანიძე, მწვანე კონცხზე სასოფლო-სამეურნეო უმაღლესში სწავლობდა და ასეთი ზარები რომ შემომდიოდა, თურქეთში გადავიყვანე, ჩაის ვაკრეფინებდი, ამ მუქარების შიშით სწავლასაც დაანება თავი, დიპლომიც არ აუღია“, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.