სამი განაჩენი, საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი სასამართლოსი, ხელთ მაქვს, [დაზარალებულის სტატუსი მაქვს]. ალექსანდრე სუმბაძე, რომელიც ძალოვანი იყო გიორგი დგებუაძის და დათა ახალაიას განკარგულებით ფონიჭალის ტრაფარეტთან ხვდება ჩვენს სამ ბიჭს. დგებუაძე იყო სუმბაძის მეთაური, ახალაია იყო დგებუაძის მეთაური, - განაცხადა „ნავთლუღის სპეცოპერაციისას" მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სწორედ "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმის განხილვა მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, სუმბაძის ჩვენებით ირკვევა, რომ ახალაიას და დგებუაძის ბრძანებით მან სამივე ახალგაზრდა ჩასვა მანქანაში და თბილისის ქუჩებში რამდენიმე საათი ატარა, შემდეგ კი, მათივე ბრძანებით მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც ისინი დახოცეს.
„სუმბაძემ ჩასვა ავტომანქანაში [ბიჭები]. გული მეწვის, დანაღვლიანებული გული მაქვს და ვრცლად მინდა, დეტალებში ავხსნა, საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს. ბოდიშს გიხდით, დანგრეული, გაღატაკებული, დაძირული ოჯახი ვართ. იმ ორი "დედიკოს ბიჭის" მეთაურობით, ახალაიას და დგებუაძის მეთაურობით ჩასვამს ამ სამ ბიჭს და ეტყვიან, ბრძანებას გასცემენ, სანამ ჩვენ არ გეტყვით, მანამდე ეს ბიჭები თბილისის ქუჩებში ატარე, მერე მოგვიყვანე სასაკლაოზეო. მთელი დღე ატარა თბილისის ქუჩებში "ოპელით" ამ ალექსანდრე სუმბაძემ და გიორგი დგებუაძემ გასცა ბრძანება, მსხვერპლი მომიყვანეთ აქ. განაჩენით გელაპარაკებით, რომელიც ხელთ მაქვს, ეს არის ჩემი მტკიცებულება, განაჩენს ვეყრდნობი. მივიდა სუმბაძე ნავთლუღის ავტოსადგურში, მიიყვანა ეს სამი ბიჭი და დაახლოებით 21:15 საათია, იანვარში უკვე ეს დრო ღამეა. ბრძანება მიიღო იმათგან ბრძანება, რომ ჩამოსვი ეს ბიჭები და წადიო. სუმბაძე ლაპარაკობს [ჩვენებაში], ჩამოვსვი ეს ბიჭები და წრე დავარტყიო, სროლები ატყდა და წრე რომ გავაკეთე, მოვბრუნდი ისევ, იმ ადგილის მოპირდაპირედ და ჩოჩქოლი, ხმაური იყო. დავინახე, ვინც მოვიყვანე, ეს სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყვნენ დახოცილებიო“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე მოკლეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადაც "ნაცმოძრაობის" რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს, მათ შორის არიან, დათა და ბაჩო ახალაიები, ლევან და მეგის ქარდავები,გია დგებუაძე ("მასტერა"), გიორგი მაზმიშვილი.