ირაკლი გედენიძე სააკაშვილთან სატელეფონო საუბარზე: ღამის სამ საათზე დამირეკა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერე და კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი

ირაკლი გედენიძე სააკაშვილთან სატელეფონო საუბარზე: ღამის სამ საათზე დამირეკა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერე და კედლებზე ლამაზი ფოტოები დავკიდოთო, რომ დამაკავეს, ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი

გვირაბზე მოგვიყევი ყველაფერი, გაიხსენე გვირაბის ამბავი, რა ხდებაო - მართლა არ ვიცოდი რა გვირაბი, არ მახსენდებოდა. გექნება დრო კიდევ მოსაფიქრებლად, გვაინტერესებს გვირაბიცო. მთელი ღამე ვიფიქრე და გამახსენდა, რომ წინა პერიოდში, ღამის სამ საათზე, ოთხი იყო დაწყებული, ტელეფონი რეკავს, ვუპასუხე და პრეზიდენტი - სახელით მომმართა, ხვალ ჩადი გვირაბში, დაათვალიერეო, კედლებზე შეხედე და შენ რომ გაქვს ლამაზი ფოტოები საქართველოს ხედებით, მთელ გვირაბზე გავაკეთოთ ჩქარაო და გამითიშა, - ამის შესახებ ფოტოკორესპონდენტმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ირაკლი გედენიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი დაკავების დროს, სხვადასხვა ბრალის აღიარების მოთხოვნა გაიხსენა.

როგორც გედენიძემ განაცხადა, გვირაბის შესახებ იცოდნენ მხოლოდ მან, მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ჯანაშიამ, შესაბამისად, ნათელი იყო, რომ იმ პერიოდში მას უკვე უსმენდნენ. 

"[ეს ხდება] 26 მაისის მერე. იქ ვმუშაობ და უნდა გავარკვიო ეს გვირაბი რა არის. ვეკითხები დაცვის ბიჭებს და კი არის რაღაც, მაგრამ რამდენად არის გვირაბი, არ ვიცითო. მერე თემურ ჯანაშიას ვუთხარი, წუხელ დამირეკა პრეზიდენტმა და რა გვირაბია, როგორ უნდა გავაფორმო, სურათები უნდა ჩამოვკიდოთ, ასეთი დავალებაა-მეთქი. ჩამიყვანა სასახლიდან მოსასვენებელ სახლამდე გადასახედი იყო, იქ არის აგურის კედლებიანი დერეფანი, რომელიც მიწაშია. ტექნიკური სამსახური ჩამოვიყვანე, იქ გადავზომეთ, რამდენი ფოტო დაეტეოდა. ამ გვირაბზე იყო ლაპარაკი, ე.ი. იმ პერიოდში უკვე მისმენდნენ, იმიტომ, რომ გვირაბის ამბავი ვიცოდით მე, სააკაშვილმა და ჯანაშიამ. სახლშიც არ იცოდნენ, სახლში ის არ იცოდნენ, მივლინებით სად მივდიოდი. მერე გავაკეთე ეს დასკვნა, რომ ე.ი. მისმენდნენ. ამ გვირაბზე თუა ლაპარაკი, პრეზიდენტის საუბარი იცით-მეთქი? ჰოდა, მაგ გვირაბზე მე რაც არ უნდა გითხრათ, მოწმედ სასამართლოზე სააკაშვილი უნდა მოიყვანოთ-მეთქი." -  განაცხადა ირაკლი გედენიძემ.