ეს ადამიანი ცდილობს თავიანთი პატრონების წინაშე ჩვენი ქვეყნის გაშავებას და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ვანო ჩხიკვაძის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნაზე საუბრისას.
„ეს არის ის ადამიანი [ვანო ჩხიკვაძე], რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული პავლიკა მოროზოვობა და როგორც თანამედროვე პავლიკა მოროზოვს შეესაბამება და შეეფერება, თავიანთი პატრონების წინაშე ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გაშავებას, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას ცდილობს. ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელმაც იკადრა, რომ ჩვეულებრივი დანოსი ჩაიტანა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. აბსოლუტური ტყუილები რომ ეწერა, ეს ერთი შეხედვით რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია, მთავარი ის არის, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანია“, - აღნიშნა გორდულაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის მორიგი შეტევა საქართველოზე. ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული.