სალომე ზურაბიშვილს აღარც ძალაუფლება აქვს, პრეზიდენტი ფორმალურადაც აღარ არის და შეიძლება, აგენტობაც კი შეუწყვიტონ, ისე ვერ გაართვა თავი ვერაფერს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილის ზღაპრები, მოგონებები „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღარ აინტერესებთ“.
„მაინც ვერ ვხვდები, აქამდე რატომ გაინტერესებთ მედიას მეხუთე თამაშობები, რადგან სალომე ზურაბიშვილის ზღაპრები, მოგონებები და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღარ აინტერესებთ? მას აღარც ძალაუფლება გააჩნია, ფორმალურადაც პრეზიდენტი აღარ არის და, მეტიც, შეიძლება, აგენტობაც კი შეუწყვიტონ, ისე ვერ გაართვა თავი ვერაფერს და ამას აღიარებენ „დიფ სთეითის“ აქაური ბობოლა წარმომადგენლები. მან საჯაროდ აღიარა, რომ ისინი კავშირში არიან უცხოელებთან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი ადამიანების ასეთი ქმედებები შესაბამისს უწყებებს უყურადღებოდ არ დარჩებათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად მუშაობას იწყებს.