თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერებამდე] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?! - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა იმ რისკამდე, რომ შესაძლოა რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა დააწესოს და ეს არის კრემლის სურვილიც, რადგან რუსეთს არ უნდა სამეზობლოში ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპული გზით.
„ჯერ ერთი 61 ქვეყანაზეა საუბარი [ვისაც შეიძლება ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს] და ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაამარტივოს შეწყვეტის პროცედურები. თეორიულად დავუშვათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიემართოს საქართველოსკენ. რასთან გვექნება საქმე. ერთი ვარიანტი არის ხალხის დასჯის მცდელობა. ჩვენ [ხელისუფლებას] რომ გვსჯიან გასაგებია და შევეგუეთ ამას, ვიტანთ, რადგან ბოლომდე გავითვითცნობიერეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი. ხალხს სჯი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა?! გეტყვით, რატომ არის ამის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით. ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში და შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს. თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერებამდე] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!“ - აღნიშნა მდინარაძემ.