პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება დაიცვან თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი და მოქალაქეები, არავისზე ნაკლები უფლება არ აქვს საქართველოს.
„როდესაც ქვეყანაში მშვიდობა არის უზრუნველყოფილი, როდესაც გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ ადამიანები, მათ შორის არალეგალები და არალეგალურად იცხოვრონ ჩვენს ქვეყანაში, იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში, რაც არის გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის. როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან, თავიანთი მოქალაქეები დაიცვან, არავისზე ნაკლები უფლება არ აქვს ჩვენს ქვეყანას. ამავდროულად, ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არეულობაში მიიღონ მონაწილეობა, ძალადობრივი აქციების წევრები იყვნენ, მათ შორის შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ-ერთი ადამიანი, ჩამოსული უცხოელი, რომელიც პირდაპირ საქართველოს პარლამენტში შემოჭრას ცდილობდა. ასეთი ადამიანები, რომლებიც კანონს უხეშად არღვევენ, არაფრად არ დაგიდებენ ქვეყანას“, - განაცხადა გორდულაძემ.
კანონმდებლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შევა.