ქურდს ქუდი ეწვისო, მეტი არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
არჩილ გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები საუბრობდნენ, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები უცხო ძალის დაკრულზე ცეკვავენ.
„მათ ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოებითაც დაადასტურეს, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც უცხოელებს სთხოვენ თანხებს, რათა შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მოაწყონ არეულობა.
მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც იმ ჩანაწერში წამოსცდა, რომ მშვიდობიანად ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელიაო და ამისთვის სჭირდებოდათ თანხები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.
სალომე ზურაბიშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. ფინანსებს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც.