რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რამდენიმე უკრაინული რეგიონი თავის შემადგენლობაში მიიღოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, საუბარია ყირიმზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე. თუმცა, როგორც უიტკოფმა განაცხადა, რუსეთი ხუთივეს ვერ დაეპატრონება.
უიტკოფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს ტერიტორიების საკითხს განიხილავდა. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინი უკრაინული მიწით ძალიან არის დაინტერესებული.
მისი თქმით, უკრაინას, შესაძლოა, ნაკლებად ანაღვლებდეს ის რეგიონები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს.
„როცა თქვენ ამ ხუთი რეგიონის განხილვას იწყებთ, ხვდებით, რომ რუსეთს ისინი აინტერესებს, ისევე, როგორც უკრაინას. მაგრამ, თუ მათი ნაწილი რუსულენოვანია, იქნებ უკრაინას ეს ნაკლებად უნდა აინტერესებდეს?“, - დასძინა უიტკოფმა.