იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გარე ძალებისგან და ნებისმიერი უცხოური დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში იყოს ღია და გამჭვირვალე, ჩვენ მივიღეთ კანონი გრანტების შესახებ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა უცხოური გრანტის გაცემის წესის კანონთან დაკავშირებით ევროპელი ბიუროკრატების კრიტიკას.
„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო მიღებული, მაშინაც იყო პირობა, მათ შორის დონორების მხრიდან, რომ ისინი აქტიურად ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან. აღმოჩნდა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა მათი მხრიდან. იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გარე ძალებისგან და ნებისმიერი უცხოური დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში იყოს ღია და გამჭვირვალე, ჩვენ მივიღეთ კანონი გრანტების შესახებ. ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ძალიან კარგი მიზნებისთვის, დეკლარირებულად ასე ეწერა ფურცელზე. თუმცა, აღმოჩნდებოდა, რომ ფინანსები მერე სხვა მიმართულებით იხარჯებოდა, მათ შორს ძალადობისა და სიძულვილის ენის წახალისებისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.