აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსიტეტისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვას განიხილავს, თუ სასწავლო დაწესებულება ვიზების მფლობელი უცხოელების შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მთავრობამ უნივერსიტეტს 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის ორი გრანტის გაცემა შეუჩერა.
ნოემმა განაცხადა, რომ მან ჰარვარდს წერილი მისწერა და 30 აპრილამდე ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემა სთხოვა.
„და თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს იმას, რომ სრულყოფილად იცავს ანგარიშვალდებულების წესებს, უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას დაკარგავს“, - თქვა ნოემმა.
ჰარვარდში ნოემის მიერ უცხოელი სტუდენტების შემოწმების შესახებ მიწერილი წერილი და გრანტების გაუქმება დაადასტურეს. როგორც უმაღლეს სასწავლებელში განაცხადეს, ისინი საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვიან, თუმცა კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.