ირაკლი კობახიძე: ენჯეო და ქართველი ხალხი არაფერ შუაშია ერთმანეთთან, ეს არის მახინჯი პროპაგანდა, არ შეიძლება, 5 ათას ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ღვაწლმოსილ პროფესორებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ენჯეო და ქართველი ხალხი არაფერ შუაშია ერთმანეთთან, ეს არის მახინჯი პროპაგანდა, არ შეიძლება, 5 ათას ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ღვაწლმოსილ პროფესორებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება

გრანტების შესახებ კანონი მიმართულია იქით, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში იმ ყალბი ტოტალური პროპაგანდისგან, რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაური კანონის ქართველი ხალხის დევნის აქტად შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ იმ ენჯეოების დაფინანსება, რომლებმაც 2022 წელს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

„აშშ-ში რატომ არ არსებობს ენჯეოები? ამერიკას ვერავინ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკის პოლიტიკაში გარედან. ამიტომ, არ არსებობს ენჯეოები აშშ-ში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. აშშ-ში ენჯეოს ვერ შექმნი, არავის მოუვა აზრად ის, რომ ენჯეოები გამოიყენოს აშშ-ში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შექმნას და აფინანსოს ეს ენჯეოები. ენჯეო არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი, რაც, მადლობა ღმერთს, უკვე აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. მათ არა მხოლოდ ინტერვენცია აღიარეს, პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ენჯეოები გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი პირველი ამ კუთხით იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველ ხალხზე თავდასხმა არის სწორედ ამ ენჯეოების დაფინანსება, რომლებიც სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივლისში და მოითხოვეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადადგომა, პირდაპირ არიან ჩართული ათასგვარ სიბინძურეში. ყველაზე ბინძური რიტორიკით ამ ქვეყანაში გამოირჩევიან ენჯეოების ლიდერები, თუ პარტიის ლიდერებს და მათ ე.წ ჟურნალისტებს არ ჩავთვლით. ყველაზე ბინძური რიტორიკით გამოირჩევიან ენჯეოების ლიდერები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. ამიტომ, ენჯეო და ქართველი ხალხი არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან. ეს არის ჩვეულებრივი მახინჯი პროპაგანდა. სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ ენჯეოებს. არის ენჯეოების რაღაც კასტა, პირობითად 5 ათასი ადამიანი, ყველა არის უცხოეთიდან დაფინანსებული, პირდაპირ დახელფასებულია უცხოეთიდან და ამ 5 ათას კაცს ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. რამხელა შეურაცხყოფაა ეს. 5 ათასი არის სამოქალაქო საზოგადოება და დანარჩენი 3 700 000 ადამიანი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა არის? გიგაური არის სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი პროფესორი არის არასამოქალაქო საზოგადოება. ეს არის სირცხვილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი პირველ რიგში ქართული საზოგადოების ინტერესებს იცავს.

„ასეთი შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას არავინ არ უნდა აკადროს. როდესაც ხალხს ჰყავს თავის მიერ არჩეული ხელისუფლება, იქ არ შეიძლება, 5 ათას ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ღვაწლმოსილ ადამიანებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება. ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია? ამიტომ, ეს კანონი არის არათუ დროული, მემგონი დაგვიანებულიც, როგორც ეს ჩვენმა ერთმა მეგობარმა პრეზიდენტმა აღნიშნა. რეალურად, ჩვენ თუ შევხედავთ წარსულ გამოცდილებას, რაღაცნაირად იმ ტყუილში ვაცხოვრებდით საზოგადოებას, რომელიც გარედან იყო თავსმოხვეული, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ენჯეოები არის სამოქალაქო საზოგადოება და არის ქართველი ხალხი. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს კანონმდებლობა მიმართულია იქით, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში ამ ყალბი ტოტალური პროპაგანდისგან, რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.