არცერთი პოლიციელი ხელს არ გაანძრევს, თუკი არ არის ფიზიკური შეტევა მისი მიმართულებით, ანუ სახელმწიფოს მიმართულებით, გამორიცხულია, არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
კითხვაზე, ხუთ თვეზე ცოტა მეტ დროში იქნება ახალი არჩევნები, სად ელოდებით ოპონენტებს, ისევ ქუჩაში თუ საარჩევნო ბრძოლის ველზე, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თვითონ არ იციან.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება დესტაბილიზაციის მცდელობები გააგრძელოს.
„პატარა გადახვევას გავაკეთებ. არცერთი პოლიციელი ხელს არ გაანძრევს, თუკი არ არის ფიზიკური შეტევა მისი მიმართულებით, ანუ სახელმწიფოს მიმართულებით. გამორიცხულია, არ არსებობს. აქედან გამომდინარე ის, რომ პოლიცია გამოიწვიო, პოლიციამ ვიღაც დაასახიჩროს, ან ვიღაცა მოკვდეს, რაზედაც ათასჯერ გააკეთეს განცხადება, არ მოხდა. ე.ი. ეს ბოროტი განზრახვა ვერ შესრულდა. როგორც კი ამან მოიკლო, იმ წუთში ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ახალგაზრდებს პირდაპირ ტრიბუნიდან, ორი მეტრის მანძილზე მოუწოდებდნენ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა მოხდეს ეს სისხლის ღვრა. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ამ გეგმაზე როგორ იტყვიან ისინი უარს, მე ვერ წარმომიდგენია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, მისი აზრით, იქნება თუ არა გარე ძალების მსგავსი მობილიზაცია თვითმმართველობის არჩევნების წინ.
„მე ვფიქრობ, რომ მცდელობა ამის იქნება. პირველი ნაბიჯი იყო, ფილმი რომ არის - შეუძლებელი დავალებების მოცემა, დაეტაკეთ რუსეთს. მერე რა, დაინგრევით, დაინგრევით. სამაგიეროდ, რუსეთს პრობლემები შეექმნება, არ დაეტაკებით, ე.ი. თქვენ არ ითვალისწინებთ ჩვენ საგარეო კურსს. ჩვენ საგარეო კურსს არ ითვალისწინებთ, თქვენ არაფერი გეკუთვნით. ერთადერთი აი სალომე ზურაბიშვილი თუ გიშველით და სალომე ზურაბიშვილის წამოწევა დაიწყეს. ვერ წამოიწია. არა შეჯდა მწყერი ხესა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.