დასავლეთი, ისეთი, როგორც ჩვენ ვიცოდით, მეტად აღარ არსებობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაძაბულობის შესახებ ისაუბრა.
„მსოფლიო გახდა გლობალური გეოპოლიტიკურადაც და დღეს ჩვენი მეგობრობის ქსელები მთელ დედამიწას ფარავს, როგორც ამას ხედავთ ტარიფების შესახებ დებატების მოსმენისას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ყველა ითხოვს უფრო მეტ ვაჭრობას ევროპასთან და ეს მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს არ ეხება.
„ასევე ეხება საერთო წესების ჩამოყალიბებას და პროგნოზირებადობას. ევროპა ცნობილია პროგნოზირებადობით და სანდოობით, რაც კიდევ ერთხელ ხდება ღირებული. ერთი მხრივ, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, არის უზარმაზარი პასუხისმგებლობაც, რომელიც უნდა გავამართლოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კითხვაზე, აშშ არის ევროპის მეგობარი, ყოფილი მეგობარი თუ ოპონენტი, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოერიდება ასეთ კლასიფიკაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობები „რთულია“.
„ევროპა ისევ არის მშვიდობის პროექტი. ჩვენ არ გვყავს ძმაკაცები და ოლიგარქები, რომლებიც წესებს ადგენენ. ჩვენ არ ვიჭრებით მეზეობლებთან და არ ვსჯით მათ. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის წევრობის მომლოდინეთა სიაში 12 სახელმწიფოა. ეს არის დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი. ევროპაში ბავშვებს შეუძლიათ კარგ სკოლაში სიარული, მიუხედავად იმისა, რამდენად მდიდრები არიან მათი მშობლები. ევროპაში არის CO2-ის ნაკლები ემისია და სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია. ჩვენს უნივერსიტეტებში სადავო დებატები დაშვებულია. ეს და კიდევ ბევრი რამ არის ჩვენი ღირებულები, რომლებიც უნდა დავიცვათ და რომ ევროპა არის კავშირზე მეტი. ევროპა ჩვენი სახლია და ხალხმა ეს იცის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.