„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან საგამოძიებო კომისიის იმ სხდომების შესახებ ისაუბრა, სადაც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ მიტაცებულ სახელმწიფო ქონებებზე ისაუბრეს გამოსაკითხად მისულმა პირებმა.
სოზარ სუბარმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არსებულ დანაშაულებრივ სისტემაზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი.
„სანამ ბატონი ჯონდი ბაღათურია მოვიდოდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მანამდე მოსული იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი დავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის კანცლერი, ბატონი კარლო კოპალიანი, რომელთაც, ასევე, დეტალურად ისაუბრეს, როგორ ლამის გააუქმეს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მართლაც ისტორიული საგანმანათლებო დაწესებულება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს: სტუ-ს ერთი წლით ლიცენზიაც კი შეუჩერეს და გარკვეული პერიოდი ლამის გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანეს, მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი - სასწავლო კორპუსები, სამეცნიერო ლაბორატორიები, სტადიონი და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა და თვით 2000 კვ.მ. ფართობის სასადილოს შენობაც კი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მის ძმისშვილს, ნიკოლოზ ალასანიას გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისად, ამის შედეგად, ასობით მილიონის ღირებულების ქონება გადავიდა სააკაშვილის დედის საკუთრებაში. ამ ბატონებმა მოგვითხრეს, თუ როგორ მიმდინარეობდა გიული ალსანიას უნივერსიტეტში ტექნიკური უნივერსიტეტიდან კადრების, ქონების, ფულის და სტუდენტების „გადაქაჩვა“ და თუ როგორ მუშავდებოდა მთელი სქემა, რითაც მთლიანად განათლების სისტემის ხელში ჩაგდებაც იგეგმებოდა.
ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ ასევე ილაპარაკა გიული ალასანიას მეორე პროექტზე - „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და მასთან დაკავშირებულ მთელ ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე, გიული ალასანია იყო. ბატონმა ჯონდიმ გაიხსენა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელმაც ცხრა წლის წინ თურქეთში ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხება მოაწყო. ის სწორედ სკოლებისა და განათლების გზით ცდილობდა, რომ საზოგადოებრივი აზრი შეეცვალა და ასე აეღო ხელში ძალაუფლება. სწორედ ამ ექსტრემისტ გიულენთან ერთად დააფუძნა გიული ალასანიამ ზემოთ ხსენებული სასწავლებელი.
სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ჯერ კიდევ ჟურნალისტი ვიყავი, 1995 წელს, ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებით, იმის გამოსაკვლევად, თუ რა მიზნები ჰქონდა ამ აბსოლუტურად რადიკალური, ექსტრემისტული მიმართულების ხელმძღვანელს საქართველოში. ეს გეგმები ძალიან ფართო აღმოჩნდა - მას, ფაქტობრივად, ბაზალეთის ტბასთან საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ჰქონდა განზრახული და ამ მიზნით 50 ჰექტარი მიწა უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თუმცა იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ამ გეგმას ფრთები შეეკვეცა. მოგვიანებით, ეს ექსტრემისტი ადამიანი გიული ალსანიასთან ერთად კვლავ შეეცადა თავისი გეგმის განხორციელებას და მართალია, ბაზალეთზე ქალაქის მშენებლობა აღარ გამოუვიდა, მაგრამ უკვე თბილისში გააგრძელა ამ ქსელის გაკეთება. ამ ქსელს დღეს უკვე სერიოზული დარტყმა აქვს მიყენებული, პირველ რიგში - თურქეთში და შემდეგ, უკვე - მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც.
ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა სააკაშვილის მამამ უნიკალური სამკურნალო წყლებისა და გამოცდილების მქონე ბალნეოლოგიური ინსტიტუტი და კლინიკა ორთაჭალაში. ჯონდი ბაღათურიამ ეს ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს გააპროტესტა, როცა დეპუტატი იყო, იმდროინდელი პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე, რასაც მიხეილ სააკაშვილის წყობიდან გამოსვლა მოჰყვა. ის პირდაპირ დაემუქრა ჯონდი ბაღათურიას და უთხრა, რომ ბალნეოლოგიურის ტალახებში აგორავებდა და იქვე ჩაახრჩობდა. წარმოგიდგენიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტმა ან პრემიერმა ასეთი რამ რომ გაუბედოს პარლამენტის წევრს? მაგრამ, მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და საერთოდ, რასაც მაშინ ჯონდი ბაღათურია ბედავდა, სასწაულია, რომ დღეს ის ცოცხალია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.