ეკა სეფაშვილი: მინისტრის საათი  არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს

ეკა სეფაშვილი: მინისტრის საათი  არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვა.

დეპუტატის კითხვები მინისტრის საათის გაუქმებას ეხებოდა. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ინტერპელაციის დროს, დეპუტატებს აქვთ შეზღუდული დრო კითხვებისთვის, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მინისტრთან. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მინისტრის საათის ნაცვლად, ინტერპელაციის ყოველი კვირის ბოლოს ჩანიშვნა არა სავალდებულო, არამედ შესაძლებელი უნდა იყოს მინისტრებისთვის.

„დიდი მადლობა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, რომელიც შეეხება რეგლამენტში ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგლამენტი პრაქტიკის შესაბამისად  უნდა გადაიხედოს და რაც უფრო მოსახერხებელი და რელევანტური იქნება პრაქტიკიდან გამომდინარე, ის ცვლილებები უნდა აისახოს შესაბამის მუხლებში.
ჩემი შეკითხვა მინისტრის საათის გაუქმებას შეეხება და მისი ჩანაცვლების მცდელობას ინტერპელაციების საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ მინისტრის საათის მიმდინარეობის დროს, დარგობრივი სამინისტრო მოსახლეობას და ჩვენ გვაცნობდა დარგში მიღწეულ წარმატებებს, გამოწვევებს და ეს იყო კონცენტრირებული ერთ რომელიმე დარგზე, რასაც სამინისტრო ეხებოდა. დეპუტატებს კი გვქონდა შეუზღუდავი უფლება დაგვესვა კითხვები მინისტრისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს მოუხერხებელი ფორმატია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის ანგარიშის წარმოდგენა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ ზოგიერთ მინისტრს უწევს ანგარიშის სექტემბერში წარდგენა. ხომ არ ფიქრობთ, იმის ნაცვლად, რომ ეს ფორმატი გავაუქმოთ, უბრალოდ დავხვეწოთ წესები. ანუ თუ სექტემბერში უწევს გამოსვლა მინისტრს, განვლილი პერიოდის შესახებ ისაუბროს და თუ რაიმე აქტუალური პრობლემაა, ის ისედაც დაისმება, დეპუტატთა კითხვების მეშვეობით, მაშინ, როდესაც ინტერპელაციის დროს შეზღუდული რაოდენობის კითხვის დასმის საშუალებაა და თან ეს კითხვები წინასწარ უნდა იყოს მომზადებული წერილობითი ფორმით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს ინტერპელაციას და ინტერპელაციის შემთხვევაშიც, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ყოველი კვირის ბოლოს უნდა იყოს, ხომ არ არის რელევანტური, რომ ეს იყოს არა ვალდებულება, არამედ შესაძლებლობა. შესაძლებელი იყოს ყოველი კვირის ბოლოს ინტერპელაციის ჩატარება და არ იყოს აუცილებლობის წესი. 

რატომ არ არის რელევანტური და მუშაობისათვის მოსახერხებელი მინისტრის საათი თუ კომიტეტები ძველებურად გააგრძელებენ გეგმებისა და ანგარიშების მომზადებას? განხილვის საკითხში შეიძლება ვიკამათოთ, თუმცა კომიტეტების მიერ გეგმებისა და ანგარიშების მომზადება და მათი თუნდაც კომიტეტის შესაბამის ვებგვერდზე განთავსება ვფიქრობ, კარგი ფორმატი იქნება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ინფორმირებული იყო ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობის გეგმებსა და შედეგების შესახებ,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მინისტრის საათზე "ხალხის ძალის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის ეკა სეფაშვილის პოზიციის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.

პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის მოსმენის შემდეგ, ეკა სეფაშვილმა მოიყვანა არგუმენტი, თუ რატომ არის მინისტრის საათი მნიშვნელოვანი და რა შესაძლებლობა აქვთ დეპუტატებსა თუ საზოგადოებას ამ ფორმატის ფარგლებში.

„მინდა გაგაცნოთ არგუმენტი, რატომ ვერ ჩაანაცვლებს ინტერპელაცია მინისტრის საათის ფორმატს. როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩეველი გვეუბნება, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარგის მიღწევების შესახებ. მინისტრის საათი ამისთვისაც არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და  ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს. როგორც წესი, ამის შესახებ შეზღუდული ინფორმაცია არის ხოლმე არა იმიტომ, რომ არ ავრცელებენ საზოგადოებაში, არამედ იმიტომ, რომ ობიექტურად ასე ხდება - საინფორმაციო გადაცემებში ნაკლებად ხვდება ინფორმაცია ამის შესახებ. ასე რომ, მხოლოდ პრობლემატურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რასაც თავისთავად მიზნად ისახავს ინტერპელაცია,  ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ სამინისტროს და მინისტრს ჰქონდეს საშუალება დარგის მიღწევებზე ისაუბროს.

გარდა ამისა, თუ არსებობს გარკვეული ტექნიკური შეუსაბამობები, მაგალითად ის, რომ სექტემბერში მოსულ მინისტრს წინა წლის ანგარიშის წარდგენა უწევს, ამის დაბალანსება და კორექტირება მარტივად შეგვიძლია, თუ ვიტყვით, რომ სექტემბერში მოსულმა მინისტრმა განვლილი პერიოდის შესახებ ანგარიში წარმოადგინოს და არა წინა წლის. ისედაც პრაქტიკა გვიჩვენებს, გასული მოწვევის განმავლობაში, როგორც წესი მინისტრები განვლილ პერიოდს აჯამებდნენ, არა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ფორმატის შენარჩუნება და მისი დახვეწა იქნებოდა გამოსავალი, ვიდრე მისი გაუქმება,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.