ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში და ცდილობენ გამოიწვიონ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
„როცა ღალატის გზაზე დადგება ესა თუ ის ადამიანი თუ ჯგუფი, იმ საქმიდან არაფერი გამოდის. სხვა რამეს კი არ აკეთებდა ორჯონიკიძე. იმასაც სწამდა, რომ საქართველოსთვის უნდოდა რაღაც კარგი, მაგრამ იყო სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, მოღალატე ადამიანი. ზუსტად ასე არიან ესენი [ოპოზიცია], რომლებიც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ თითქოს, რაიმე სასიკეთოს აკეთებენ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ეს არის დეფინიცია თავად სიტყვისა მოღალატე - ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას იყენებს.
ასე რომ, ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში და ცდილობენ, გამოიწვიონ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. მეთოდები იცვლება, ადრე თუ ტანკებით, სისხლით და ქვემეხებით შემოდიოდნენ, ახლა სანქციებია 21-ე საუკუნის ტანკები და ქვემეხები, თორემ მოტივაცია და დამოკიდებულება ერთი და იგივეა. ზოგიერთს საშუალება რომ ჰქონოდა, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ ევროპიდან დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით. როგორც ვაკვირდები, ზოგიერთს თანამდებობა კი აქვთ ევროპაში ტანკებს რომ მოუხმონ და ჭკუაც არ დაუშლით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არის 21-ე საუკუნის ქვემეხები, ზალპური ცეცხლი და ამაში მონაწილეობენ მოღალატე ქართველები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.