შალვა პაპუაშვილი უცხოური გრანტების გაცემის წესზე: ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომლებიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, პოლიტიკაში არაჯეროვან ჩარევას, იყოს დანახული

შალვა პაპუაშვილი უცხოური გრანტების გაცემის წესზე: ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომლებიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, პოლიტიკაში არაჯეროვან ჩარევას, იყოს დანახული

ეს [ცვლილებები] შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან ჩარევას, იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, როგორც იცით, შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღების თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი დონორს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი არც დასამალი აქვს ხალხის მიმართ და ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება, როგორც იყო მხარდაჭერილი აქამდე, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ამავე დროს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მავნე პრაქტიკამ, რომელიც არსებობდა, გამჭვირვალე გახდეს და ვნახოთ, რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი დონორები. მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდებით, ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან ზუსტად ამ ფულით.

შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე „ენჯეოს“ გავლით უცხო ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები ერეოდნენ საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არაერთი ფაქტით დადასტურდა, არაერთი განცხადებით, რაც გვესმოდა სხვადასხვა პირისგან. 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც ისტორიაში პირველად არა ოპოზიციამ, არამედ „ენჯეოებმა“ მოაწყვეს და დააფინანსეს უცხოური ფულით. ასე რომ, ეს [ცვლილებები] შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან ჩარევას, იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც მალე ქვეყანაში უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის. ამიერიდან დონორი ვალდებული იქნება თანხის გაცემის შესახებ ნებართვა მთავრობიდან მოიპოვოს.