დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ზეწოლა აშშ-დან საქართველოზე შესუსტდა, თუმცა გაძლიერდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით, როგორ პოლიტიკას აირჩევს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ თანაბარი პარტნიორობისთვის, უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ვიღვწით ჩვენი სამომავლო სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა Eagleeyeexplore-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას.
„ამჟამად, როდესაც ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი რუსეთის აგრესიის შეწყვეტა და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გადაწყვეტაა, საქართველო ნაკლებ ფოკუსში ხვდება. მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას ახალ, თანაბარ საფუძველზე მიუდგება და ამით წელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ეროვნული ინტერესების ორმხრივ პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა სეფაშვილმა.
სეფაშვილმა ასევე საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულმა ძალებმა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს განგებ უწოდეს „რუსული“, რამეთუ იცოდნენ ოკუპაციის ისტორიის შესახებ. სეფაშვილის თქმით, მათ უნდოდათ ქართულ საზოგადოებაში მრისხანება გამოეწვიათ, რადგან იცოდნენ, რომ ეს ემოციებსა და წინააღმდეგობას გამოიწვევდა.
„მათ ამ კანონისთვის „ამერიკული“ რომ დაერქმიათ, ასეთი ნეგატიური რეაქცია არ იქნებოდა იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ასე მძაფრად აშშ-ზე არ რეაგირებს. როგორც იცით, მსგავსი კანონმდებლობა აშშ-ში არსებობს. ამჟამად, ჩვენ უკვე მივიღეთ კანონი, რომელიც ამერიკული FARA-ს ანალოგია. გამჭვირვალობის კანონის წინა ვერსია უფრო რბილი იყო, თუმცა ჩვენ მასობრივ და სასტიკ პროტესტებს წავაწყდით, ახლა ჩვენ უცხოური აგენტების უფრო მკაცრი კანონი მივიღეთ, თუმცა ქუჩის პროტესტები არ ყოფილა. რა შეიცვალა? ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ს და სხვა ორგანიზაციებს აქ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება აუკრძალა. ამის შემდეგ ეს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გაჩუმდნენ. მათ შეწყვიტეს პროტესტი მაშინვე, როგორც კი USAID-გან, NED-გან და სხვა უცხოური ძალებისგან დაფინანსება შეუწყდათ. ახალი კანონის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე განცხადება გაკეთდა.
ეს გვაჩვენებს განსხვავებას: როდესაც უცხოური სუბიექტები ოპოზიციასა და „ენჯეოებს“ აფინანსებდნენ, ისინი კანონის წინააღმდეგ მტკიცედ გამოდიოდნენ, მაგრამ როგორც კი ეს დაფინანსება შეწყდა, პროტესტები შეჩერდა. კანონი არ ზღუდავს საქმიანობას, ის უბრალოდ ითხოვს, რომ ორგანიზაციებმა და გარკვეულმა პირებმა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, თავისი წყარო მიუთითონ. საუბარია გამჭვირვალობაზე.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ აფინანსებს გარკვეულ ჯგუფებს. გამჭვირვალობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებადაა საჭირო. თუ ადამიანებს სწორი ინფორმაცია ექნებათ, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს ნათელი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ქართული საზოგადოება მიხვდა, რომ ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, განვითარებასა და განადგურებას შორის. ეს ჰგავდა რეფერენდუმს ქვეყნის მომავალზე და ადამიანებმა მშვიდობა და განვითარება აირჩიეს. ჩვენ - პარტია „ხალხის ძალამ“ ძალები ქართული საზოგადოებისთვის დიდი ინფორმაციის მიწოდებისკენ მივმართეთ. სამწლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ ელექტორატში დიდი ბიძგი ვიგრძენით“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
სეფაშვილმა ასევე, საქართველოში არსებულ მედია საშუალებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული იყო კანონი მედიის შესახებ, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენაა მიმართული. ეს კანონი შთაგონებულია ბრიტანული წესებით და მიმართულია ცრუ ნარატივებთან ბრძოლისკენ.
„ოპოზიციური მედია, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა და ამტკიცებს, რომ ეს კანონი მათ საქმიანობას ზღუდავს, თუმცა პრაქტიკაში ის მხოლოდ ცრუ ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას ზღუდავს“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
სეფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რევოლუციის მოხდენის ოთხი მცდელობა იყო და არსებული მონაცემებით, USAID-მა ამისთვის 40 მილიონამდე დოლარი დახარჯა, თუმცა ზოგიერთი სხვა წყაროები, მათ შორის ილონ მასკი, აღნიშნავენ, რომ ეს თანხა გაცილებით უფრო დიდი იყო.
„ამ დაფინანსების შედეგი იყო მასობრივი არეულობები, განსაკუთრებით ნოემბერში, როდესაც ხუთი დღის განმავლობაში უსასტიკეს არეულობებს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები იყენებდნენ ფეიერვერკებს და „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომლებსაც პარლამენტის შენობას და სამართალდამცველებს უმიზნებდნენ. პოლიციის 150 თანამშრომელზე მეტი დაშავდა ე.წ. „მშვიდობიანი დემონსტრაციის“ დროს, როგორც მას აღწერდნენ. გამოძიების შემდეგ აქციის მონაწილეებს საბრძოლო იარაღი აღმოუჩინეს, მათ შორის იყო ბოთლები ფერადი ასაფეთქებელი სითხით. მას შემდეგ, რაც ეს სასტიკი ტაქტიკა გაიხსნა, პროტესტი უფრო „მშვიდობიან“ დემონსტრაციაში გადაიზარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, თუმცა ეს აბსურდია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ეუთოს დადებით დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, რომლებიც აღიარებული იყო როგორც სამართლიანი და გამჭვირვალე. ბოლო არჩევნებზე მოქალაქეების 54%-ზე მეტმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და განიცადა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებს.
„საუბარია არა მხოლოდ მშვიდობაზე, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ განვითარებაზეც“, - აღნიშნა სეფაშვილმა.