ირაკლი ოქრუაშვილი უფრთხის, საგამოძიებო კომისიაზე პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომელიც ცხადია, კიდევ ერთხელ იმ რეჟიმის მხილებას გამოიწვევს, რომელსაც ის ემსახურებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არის სწორედ ის ფორმატი, სადაც ოქრუაშვილს შეუძლია სიმართლე დაამტკიცოს.
„ამ ადამიანს პრინციპულობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. კარგად გვახსოვს ჩვენ ისტორია „პრინციპული“ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ. ის უფრთხის, საჯაროდ, კომისიაზე პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომელიც ცხადია იმ რეჟიმის მხილებას გამოიწვევს კიდევ ერთხელ, რომელსაც ის ემსახურებოდა.
ეს არის ის ფორმატი, სადაც ყველას შეუძლია თავისი, თუ მიაჩნიათ, რომ რაიმეში მართლები არიან, სიმართლე დაამტკიცოს და ამას ყველა უყურებს. მთელი მსოფლიოს ხელის გულზე დევს საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. რატომ არ მოდიან? რატომ არ წარდგებიან კომისიის წინაშე? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის ეშინიათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. მან კომისიის მოთხოვნაზე - 2008 წლის ომსა და ომამდე არსებული ვითარების შესახებ კითხვებისთვის სხდომაზე ეპასუხა, უარი განაცხადა, რაც კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ირაკლი ოქრუაშვილს ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.