„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და კოლექტიური ნაცმოძრაობის ნარატივის მატარებელი ახალი ამბებიც მალევე გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში.
რა გამოცემაა Byline Times, ვინ არის სტატიის ავტორი, რაზე ან ვისზე დაყრდნობით წერს ის საქართველოზე და რატომ აბრალებს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს.
სტატია ჟურნალისტ ვილ ნილს ეკუთვნის. მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის გამომძიებელი ჟურნალისტია, ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მისი სამუშაო არეალი სამხრეთ კავკასიაა. აღსანიშნავია, რომ ვილ ნილი საზოგადოებას თავს აცნობს, როგორც თავისუფალი [ freelance] ჟურნალისტი. გამოცემა Byline Times-იც თავის მხრივ უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ის წარმოადგენს ჟურნალისტების გუნდს, რომლებიც მკითხველს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას სთავაზობს, მაგრამ ხაზგასასმელია რომ „თავისუფალი“ ჟურნალისტი ვილ ნილის მიერ დაწერილი სტატია რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მოსაზრებებითაა განმტკიცებული. ასე მაგალითად სტატიაში ვკითხულობთ „ ივანიშვილმა გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საუკეთესო რუსული მეთოდის გამოყენებით, დააპატიმრა ოპოზიცია, დაიპყრო სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების პარალელურად“, - ეს ციტატა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ სერგი კაპანაძეს ეკუთვნის, რომელსაც სტატიაში ცენტრალური როლი აკისრია.
სტატიაში, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს რუსულ კავშირებს აბრალებენ ვხვდებით ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩისა და ამჟამად გახარიას პარტიის წევრის ნატა საბანაძის განცხადებასაც, სადაც ის ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია იმედი „ქართული ოცნებისთვის“ მძლავრი ინსტრუმენტია და ტელეკომპანიის დასანქცირებაზეც საუბრობს.
„თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ ძირითად ხელშემწყობთა უფრო ფართო ჯგუფზე, მაშინ „იმედი“ აუცილებლად მოხვდება ამ კატეგორიაში“, - აცხადებს საბანაძე.
ჟურნალისტ ვილ ნილის სოციალურ ქსელში ძირითადად რადიკალურ ოპოზიციის ქართველი თუ უცხოელი მხარდამჭერების სტატუსებს ამოიკითხავთ, რომელსაც ის აქტიურად აზიარებს. გაზიარებულ ინფორმაციაში, რომელსაც ის ეთანხმება კი მხოლოდ ოპოზიციურ ნარატივსა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულებებს შეხვდებით.
სტატიის შესწავლისას ცნობილი ხდება, რომ ის საქართველოდან იყო დაფინანსებული. სტატიის დამკვეთები „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, რომელიც ადრე „ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო“- ს სახელით იყო ცნობილი, იგივე „სოროსის ფონდი“ და თინა ხიდაშელის „სამოქალაქო იდეა“ არიან.