„ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ საქართველოში. როგორც ხევისბერი იტყოდა, „მოღალატე უნდა დაისაჯოს!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მუშაობას ეხმიანება.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სამარცხვინო დანაშაული სხვას გადააბრალოს.
„ოპოზიციის კიდევ ერთ სამარცხვინო მანიპულაციებს ვუსმენთ მას შემდეგ, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო. იმდენად შოკისმომგვრელია ფაქტები, რასაც ყველა ვუყურებთ, რომ თავის დაძვრენის შიშით ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალგაზრდობა ტყუილებით განაწყოს. აგვისტოს ომის თემა მათთვის იმდენად მტკივნეულია პირადი დანაშაულიდან გამომდინარე, რომ ცდილობენ ეს ისტორიული, სამარცხვინო დანაშაული სხვას გადააბრალონ.
8 აგვისტო იყო კონფლიქტის შედეგი და არა დასაწყისი. კონფლიქტის ესკალაცია წინა პერიოდში კარგა ხანს გრძელდებოდა და სააკაშვილის ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა დეესკალაციისთვის. პირიქით, კონფლიქტის კულმინაცია შექმნეს და რუსეთის ჯარი შემოვიდა. ომის დასაწყისი ყველგან და ყოველთვის არის კონფლიქტის ესკალაციის კულმინაცია. პროცესები მანამდე ვითარდება და ყველა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებულია თავიდან აიცილოს სამხედრო კონფლიქტი, მითუმეტეს, თუ ჩვენსავით, ქვეყანას ომში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
მაშ, რატომ არ მოახდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ კონფლიქტის დეესკალაცია? მთავარი კითხვა ეს არის! მათ ეს შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს, პირიქით, რასაც ვუსმენთ საგამოძიებო კომისიაზე, სწორედ მათი ქმედებით მივიდა კულმინაციამდე პროცესები, როდესაც ომი უკვე გარდაუვალი იყო. აქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისმის, ვერ მოახდინეს დეესკალაცია თუ არ სურდათ ეს? აქ არის სწორედ მთავარი გასაღები ამ კონფლიქტის. ვის ინტერესებში შედიოდა აგვისტოს ომი და ვინ მიიღო ამით ბენეფიტები? ბენეფიტი მიიღო ყველა მხარემ, საქართველოს გარდა.
დღეს კი, „ნაცმოძრაობა“ და მათი სატელიტი პარტიები ანწუხელიძის და სხვა გმირების ფოტოებით ქუჩაში დადიან და ხალხს თვალებს უბრმავებენ, თითქოს ხელისუფლება ამ გმირებს აბრალებს ომის დაწყებას. ყველანაირი სიბინძურე გვინახავს მათგან, მაგრამ ესეც კი იკადრეს. არადა, ეს ხალხი კარგად ხვდება, რომ ანწუხელიძეს და სხვა გმირებს კი არ ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებენ მათი სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ბიჭები სწორედ ნაცმოძრაობის მოღალატეობრივი პოლიტიკის მსხვერპლნი არიან.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ საქართველოში. როგორც ხევისბერი იტყოდა, “მოღალატე უნდა დაისაჯოს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.