საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის" დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს.
„ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობერ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ-ი არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, როგორ გვემტერებოდა კონკრეტული ადმინისტრაცია. ისინი, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით, მაგრამ იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აისახა კონკრეტულ მტრულ გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირება და ა.შ. არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ვითარების არევის მცდელობასთან, რაც უკავშირდება ომის იდეას, მეორე ფრონტის იდეას და ა.შ. იყო უამრავი პრობლემა. ამ ფონზე ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო არის პატარა სახელმწიფო და ასეთ ვითარებაში აშშ-ს აქვს უფრო ძლიერი პოზიციები, მაგრამ ამასთან ერთად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევა ნებისმიერ ურთიერთობებში.
„ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის" დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.