დიმიტრი ხუნდაძე მოქმედ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე: „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან

დიმიტრი ხუნდაძე მოქმედ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე: „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან

„ნარკოტიკებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიღება მერვე მოწვევის პარლამენტში დაიწყო და მახსოვს, რომ მაშინაც ამ პროპაგანდის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე და ზურა-გირჩი ჯაფარიძე. მაშინ ჯანდაცვის კომიტეტზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გამოტანილი იქნა კანონპროექტი, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად პროექტი ვერ გავიდა. შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემოტანილი იქნა ჩვენი წინააღმდეგობის შედეგად ნაწილობრივ შეცვლილი კანონპროექტი და ისევ პროპაგანდის ხარზე დაიწყო მისი მხარდაჭერა (დღეს ეს კანონია მოქმედი)“, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან. 

„მინდა აღვნიშნო, რომ დეპუტატთა იმ ნაწილმა, რომელიც ძირითადად ექიმებს წარმოადგენდა, მათ შორის მეც, გამოვხატეთ პრინციპული წინააღმდეგობა და მივედით იქამდე, რომ კვორუმის არ შედგენის მიზნით არ დავესწარით კომიტეტის სხდომას. მინდა მეტი სიმართლის პრინციპით ვისარგებლო, რომ მეტი იცოდეს საზოგადოებამ. მაშინ სამწუხაროდ კომიტეტის კვორუმი შეივსო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით. ანუ „ქართული ოცნების“ წევრები იქ არ იყვნენ და კვორუმი შედგა ოცნებისტი ლიბერალებით, რომელთა ნაწილი დღეს ოპოზიციაშია, ნაწილი კი აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. კარგად მახსოვს, ნიკანორ მელია არ ესწრებოდა სხდომას და კვორუმი რომან გოცირიძით შეავსეს. ჩატარდა კომიტეტის სხდომა. რა თქმა უნდა, მე რბილად ვყვები, თორემ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი დაძაბულობა იყო. ასევე მსურს ობიექტურობისთვის ვთქვა, რომ მაშინ ბატონი მამუკა მდინარაძის მხრიდან პოზიტიური ჩართულობა იყო და მსურს ამისთვის დღეს მას მადლობა გადავუხადო. 

ახლა ვთქვათ ის, თუ რას ვეწინააღმდეგებოდი და რატომ ვყვები ახლა ამ ისტორიას. რომ არა მაშინდელი წინააღმდეგობა, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა და მაინც დადგა მძიმე შედეგი, წარმოდგენილი კანონის ის ვარიანტი რომ მიღებულიყო, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება - გასაღება იყო გამიჯნული ერთმანეთისგან და გავრცელების შემთხვევაში შემოტანილი იყო სახდელი 300 ლარის ოდენობით. ანუ ეს იყო ნარკომოვაჭრის სახდელი. ის გადაიხდიდა 300 ლარს და გავრცელებაში გზა ჰქონდა ხსნილი. გავრცელება ფულადი ინტერესით იქნება, თუ მის გარეშე, საზოგადოების ზიანი მაინც თანაბარია. 

ასევე ვეწინააღმდეგებოდით შემდეგი სახის ჩანაწერს - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შენახვა, გადაზიდვა, საქართველოში უკანონო შემოტანა ან გატანა, ტრანზიტით ან საერთაშორისო გადაზიდვით გამოიწვევდა დაჯარიმებას 100 ლარამდე ოდენობით - ანუ იხსნებოდა ნარკომოვაჭრეთა კარი საზღვარზე. ასევე იყო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიწვევდა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ანუ ნარკომომხმარებელი არასრულწლოვანთან ერთად შევიდოდა თრობაში, აჩვენებდა არასრულწლოვანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი შანსია, რომ საინტერესო, მისაბაძი ან წამახალისებელი გახდეს ეს ფაქტი და თუკი ამას ჩაიდენდა ზრდასრული ადამიანი, მაშინ ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდებოდა. 

ასევე, მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნარკოტიკული თრობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წარმოიდგინეთ მფრინავი ზის საჭესთან, ჰაერშია მგზავრებთან ერთად და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. არადა რამხელა რისკია მგზავრებისთვის. ან მაგალითად ავიღოთ ქირურგი - გასკდა მუცლის ღრუ, ან აკეთებს თავის ქალის ტრეპანაციას ნარკოტიკული თრობის ქვეშ და თუ მძიმე შედეგი დადგებოდა, ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. ან ვთქვათ მასწავლებელი - არასრულწლოვანებთან მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რა საგანს ასწავლის, მათთან არის კონტაქტში პრაქტიკულად ყოველდღე და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამას უყურებენ მოსწავლეები, ანუ ის თაობა, რომლის ფსიქოემოციური სტრუქტურა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ასეთი საკითხები ზოგჯერ მათთვის საინტერესოა. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესს (რაც ხდებოდა პარლამენტში), საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გარედან აქციების სახით. ამაში მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ბოლო პროცესებში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩევა და დღესაც ვუყურებთ მათ სახეებს. მინდა გითხრათ, რომ „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად ამ კანონპროექტის შემოქმედი იყო, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან და მას 2018 წელს ღიად დავუსვით კითხვა (ესეც ხელმისაწვდომია მედიასაშუალებებში), თუ საიდან ფინანსდება ნარკოტიკების პროპაგანდა და ლიბერალიზმის ის ხარისხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ძალიან მძიმე შედეგს დააყენებდა და ეს შედეგი დღეს, სამწუხაროდ, დადგა. ასევე იყო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც პირდაპირ იყო მომართული იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ნარკოპოლიტიკის განხილვის დროს, პროცესზე ზეწოლა გარედან მოეხდინა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო ორკესტრირებული. ეს არის სწორედ იმის ნაწილი, რასაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვუყურებთ - ფსევდოლიბერალური დამოკიდებულებები და ზოგადად ლიბერალიზმი, უკიდეგანოდ დაუთვლელი და გაუთვლელი ზიანის მომტანია. 

ასე რომ, მე რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ. გარკვეული შენიშვნები იქნება, მაგრამ ეს არის ის ნაწილი, რაც განიხილება მეორე მოსმენის დროს და მაშინ მე ამ კითხვებს დავსვამ. ასევე მექნება კოლეგიალური რჩევა - თქვენ ხედავთ, რომ „ხალხის ძალის“ პროგნოზები, მათი პოლიტიკური ხედვები, ქმედებები, სიმართლის ხარისხი, არის სასარგებლო მმართველი გუნდისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ეს პრაქტიკამ უკვე დაადასტურა. ეს ასევე დასტურდება ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისითაც, როცა „ხალხის ძალაში“ მყოფი დეპუტატების (ერთ-ერთი მათ შორის მეც ვარ), მიერ 2017-2018 წლებში დანახული რისკები დღეს გამართლდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო გამართლებაა, მაგრამ, თურმე ესეც საყურადღებოა და ამიტომ, გთხოვთ მეტი ფასი დავადოთ „ხალხის ძალის“ ხედვებს, პროგნოზებს, შემოთავაზებებს. ეს წაგადგებათ თქვენ, წაადგება ქვეყანასაც და წაადგება საზოგადოებასაც“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.