საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ყოფნას ეხმაურება.
მათიკაშვილი თვლის, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში „დიფ სთეითის“ საქმეს ასრულებს.
„ხელმოცარული და ამორტიზებული პოლიტიკოსები, კონკრეტულად ეს პიროვნება [გაბრიელიუს ლანდსბერგისი], რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სუვერენიტეტ დაცლილი სახელმწიფოდან, სამწუხაროდ ცდილობდა „დიფ სთეითის“ საქმის გაკეთებას საქართველოში, სტატუსის პირობებში დღეს უკვე უსტატუსოდ. მაშინ, როდესაც ამ [ლიეტუვის] ქვეყნის საზოგადოებასაც ის აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და აქ [საქართველოში] ადგილობრივ აგენტურას ცდილობს გაუზიაროს საერთო მიზნები და ამოცანები. ნათელია, რომ ამ ხაზს საქართველოში არანაირი პროგრესი და წარმატება არ გააჩნია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა ესკალაციის მართვის კონსულტანტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო. მედიასთან კომენტარი რამდენიმე მონაწილემ გააკეთა. დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.