მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, გამხდარიყო მიმზიდველი ქვეყანა მნიშვნელოვანი როლით რეგიონში

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, გამხდარიყო მიმზიდველი ქვეყანა მნიშვნელოვანი როლით რეგიონში

მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, “შუა დერეფნის განვითარებაში”, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ქ. ნიუ-დელიში, სადაც ის მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, Raisina Dialogue კარგი შესაძლებლობაა საერთაშორისო თანამეგობრობისა და რეგიონის ქვეყნებთან მოახდინოს საქართველოს შესაძლებლობების დემონსტრირება.

„ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს ღირებული როლი რეგიონში, “შუა დერეფნის განვითარებაში”, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველოს შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, Raisina Dialogue ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა ასევე იმისათვის, რომ პარტნიორებს მივაწვდინოთ ჩვენი პოზიციების გასაჟღერებლად.

„ასეთი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, მივაწვდინოთ ჩვენს პარტნიორებს ხმა და საქართველოს პოზიციები იმ უსამართლო კრიტიკის მიმართ, რომლის ქარცეცხლშიც ჩვენი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იყო მოქცეული და რომელიც ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, სცადონ მათ, რეალობას შეხედონ თვალებში, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რაზეც ისინი ხშირად აპელირებენ”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.