„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.
ბეჟაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
„ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა, ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული. ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა, რათა დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.