ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მას უკრაინულმა მხარემ თხოვნით მიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბელარუსში წაეყვანა.
„ჩვენ მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გვქონდა. მოგვმართეს უკრაინელებმა, თუ ვიღაცებმა და გვითხრეს, რომ ადამიანი ციხეშია, მას დასცინიან. შეხედეთ, როგორ მოიქცნენ ამერიკელები. მათ ხომ შეეძლოთ მაშინ ქართველებისთვის ეთქვათ: „ბიჭებო, გაუშვით ის, გადმოგვეცით ან გაგვიცვალეთ“. არა, არ დაუდგნენ გვერდში. ის ხომ მთლიანად ამერიკელი იყო“, - თქვა ლუკაშენკომ.
მისი განცხადებით, როცა მას სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართეს, მან პუტინთან საუბარი გამართა. „როცა მათ მომმართეს, ვიფიქრე, არ იქნებოდა სოლიდური, თუ მე გადაწყვეტილებას მივიღებ და მას ბელარუსში წავიყვან. ვიფიქრე, რომ რუსებთან უნდა მესაუბრა. პუტინმა მითხრა, გავოცდი: „თუ შეგიძლია მისი წაყვანა, წაიყვანე“, - დასძინა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რუსები საქმის კურსში იყვნენ.